რედაქტორისგან
ზელენსკი და სააკაშვილი აცნობიერებენ რუსეთთან მოლაპარაკების გარდუვალობას უკრაინის და საქართველოს მიერ ნატოზე უარის თქმის თაობაზე ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სანაცვლოდ - არნო ხიდირბეგიშვილი

     უნივერსალური პიარ-ფორმულა „პური და სანახაობა“ ძველ რომაელ სატირიკოსს იუვენალისს ეკუთვნის (I-II ს. ჩ. წ. ა., მე-10 სატირა) და ნიშნავს რომის იმპერიაში არსებულ მოსახლეობის მოსყიდვის პრაქტიკას ფულის და პროდუქტების დარიგების, აგრეთვე გასართობი წარმოდგენების, ანუ შოუების გამართვის მეშვეობით.

საქართველოში ჯერ სააკაშვილის, შემდეგ კი ივანიშვილის გამარჯვება, აშშ-ში ტრამპის, უკრაინაში - პოროშენკოს, ახლა კი ზელენსკის გამარჯვება ამტკიცებს, რომ ძველი რომის ხელისუფლების მიერ პლებსისთვის მოგონილი ფორმულა შეუფერხებლად მოქმედებს 20 საუკუნის შემდეგაც, თანაც, ყველგან - ისეთ ქვეყნებშიც, რომლებიც დემოკრატიის ეტალონებად არის მიჩნეული და იქაც, სადაც დემოკრატია ჩანასახოვან მდგომარეობაშია. თუმცა, ამგვარი სახელმწიფო პოლიტიკა მხოლოდ დროებით გამოდგება ძალაუფლების შესანარჩუნებლად და ისიც, მხოლოდ ორივე პირობის ერთდროულად დაცვის შემთხვევაში - მასები პურითაც უნდა იყოს უზრუნველყოფილი, და სანახაობითაც. ლიტონი სიტყვები რომ არ გამომივიდეს, რამდენიმე მაგალითს მოვიყვან.

საქართველო

     ბუნებით შოუმენმა და პიარის ოსტატმა სააკაშვილმა აშშ-ის და ფინანსისტების - ივანიშვილის და სოროსის ფულებით „ვარდების რევოლუციად“ წოდებული გრანდიოზული შოუ დადგა და ასე მოვიდა ხელისუფლებაში.
წარმატება გარანტირებული იყო - ქართველი ხალხი საშინლად დაიღალა შევარდნაძის ფანტასტიკურად კორუმპირებული ხელისუფლებისაგან, რომელიც სიბნელესა და შიმშილში აცხოვრებდა მოსახლეობას, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გარეშე, ეროვნული ვალუტის ნაცვლად კუპონებზე, ბარათებით გასაცემი პურისა და ნავთის რიგებში. დაიღალა დღისით-მზისით მოთარეშე შეიარაღებული ბანდფორმირებებისგან, რომლებმაც ჯერ გააძევეს, მერე კი მოკლეს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, დაიღალა მათ მიერვე აფხაზეთში რკინიგზის დაცვის საბაბით გაჩაღებული ომისაგან.

მაშ ასე, 2003 წლის ნოემბერში მოპოვებული წარმატებით ფრთაშესხმული მიშა თავისი პრეზიდენტობის მთელი 9 წლის განმავლობაში განაგრძობდა შოუების დადგმას - კორუმპირებული ჩინოვნიკების, დარეკეტებული ბიზნესმენების და „რუსეთის ჯაშუშების“ ყოველდღიური ტელედაპატიმრებები (გადაღებული ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის კამერით, რომელიც სპეცოპერაციაზე შსს-ს სპეცრაზმზე ადრეც კი ცხადდებოდა); წამება ციხეებში და ინტიმური სცენები ცნობილი პირების პირადი ცხოვრებიდან, რაც ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლების მიერ ათიათასობით ვიდეოფაილზე ფარულად იყო გადაღებული; ერთი და იმავე ობიექტების პრეზენტაციები, რომელთა მშენებლობა საერთოდ არ დაწყებულა; თბილისში კაპიტალურად გასარემონტებელი სახლების ფასადების შეღებვა; სკანდალური თავგადასავლები მრავალრიცხოვან ფავორიტ ქალებთან - ყველაფერს ვერც გაიხსენებ!
თუმცა, სააკაშვილი ბოროტი ჯამბაზი აღმოჩნდა და შოუს მთავარი კანონი დაარღვია - ადამიანების ვითომ კი არა, ნამდვილად ხოცვა დაიწყო, რისი აპოთეოზიც გახდა 08.08.08 ომი. რუსული ბაზრის გარეშე სააკაშვილმა, რომელმაც თავისი თანამემამულეები მრავალი წლით უზრუნველყო სანახაობებით, ვერ შეძლო მათი უზრუნველყოფა პურით, რაც მისი ფიასკოს მეორე მიზეზი გახდა.

     ბიძინა ივანიშვილის დროს პირიქით იყო - სანახაობის არარსებობის პრობლემა, ამიტომ, რამდენი პური და პროდუქტიც უნდა დაარიგოს მან არჩევნების წინ, „პლებსი“ მაინც უკმაყოფილოა. ივანიშვილმა აღადგინა რუსეთთან ვაჭრობა, გასულ წელს საქართველოს მილიონ-ნახევარი რუსი ტურისტი ეწვია, მაგრამ სახელმწიფო ხაზინაში შესული უზარმაზარი შემოსავალი ხალხამდე არ მისულა. მეტიც - „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მოსახლეობას ახალი გადასახადები დააკისრა, სააკაშვილის მიერ გაუქმებული აღადგინა და უკვე არსებულები გაზარდა, შემოიღო უამრავი ჯარიმა და უსინდისოდ ძვირი აქციზები. ამის შედეგად გაძვირდა პური, პროდუქტები, მედიკამენტები, ორჯერ გაძვირდა თამბაქოს ნაწარმი და რამდენჯერმე - ავტომობილების განბაჟება. დოლარი დღეს ერთნახევარჯერ უფრო ძვირია, ვიდრე სააკაშვილის დროს, ეროვნული ვალუტის ინფლაციის შეკავება ვერ ხერხდება, ამიტომ „პლებსი“ ბობოქრობს ახალი სანახაობის - ხელისუფლების შეცვლის და სააკაშვილის დაბრუნების მოლოდინში!

     შედარებისთვის: თურქეთში, დოლარის მიმართ ლირის ვარდნის მიუხედავად, მისი მსყიდველობითი უნარი უცვლელი დარჩა, ანუ ქართული ლარისაგან განსხვავებით, თურქეთის ეროვნულმა ვალუტამ, ანკარის სახელმწიფო პოლიტიკის წყალობით, დევალვაცია არ განიცადა.

     და რამდენი მილიარდიც უნდა დახარჯოს ივანიშვილმა ძეგლების, ტაძრების, კულტურის ობიექტების აღდგენაზე და გამყიდველი ელიტის შენახვაზე, ყველაფერი ფუჭია! ივანიშვილი საშინლად დაიღალა უნიჭო მარიონეტების - პრეზიდენტების, პრემიერების, მინისტრების, პარლამენტარების და პროქტოპოლიტოლოგების (რომელთა შანსი, თავი წამოეყოთ, სააკაშვილის დროს ნულის ტოლი იყო!) უმადური გარემოცვისაგან და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ქართულ პოლიტიკაში ყოფნის 9 წლის თავზე, ის წავა ისევე, როგორც სააკაშვილმა დატოვა საქართველო 9 წლის პრეზიდენტობის შემდეგ.

აშშ

       პროფესიონალ შოუმენს და ფინანსისტს დონალდ ტრამპს ჯერჯერობით ყველაფერი კარგად აქვს - ის აშშ-ის მოსახლეობას ერთდროულად პურითაც უზრუნველყოფს
(მან მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ამერიკელი მოქალაქეების ფინანსური მდგომარეობა და გაზარდა დოლარის კურსი) და სანახაობითაც (სანქციებით რუსეთის და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ, მიგრანტებთან ბრძოლით და მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობით, მედიის და პოლიტიკური ოპონენტების მკაცრი კრიტიკით).
თუკი ტრამპი, რომელიც პრეზიდენტი გახდა აშშ-სათვის ორიგინალური დაპირების წყალობით, რომ რუსეთს დაუმეგობრდებოდა
(და არა პუტინის და „კრემლის ჰაკერების“ ჩარევის წყალობით, რაც სპეცპროკურორ მიულერის გამოძიებამ დაამტკიცა!), მთელ მსოფლიოში ამერიკის მიერ წარმოებული ომების შეწყვეტის კვალდაკვალ ანტირუსული სანქციების შეკვეცასაც დაიწყებს, ის 2020 წელსაც ადვილად გახდება პრეზიდენტი, რადგან ისევ მოიპოვებს ამერიკელი გადასახადის გადამხდელების სიმპათიას და ევროპის აპლოდისმენტებს.

უკრაინა

     აქაც ყველაფერი შოუს კანონების მიხედვით მოხდა - კორუმპირებულმა ოლიგარქმა პოროშენკომ ხალხს არც პური მისცა
(უკრაინა სიღატაკეში ჩააგდო, როგორც შევარდნაძის ხელისუფლებამ - საქართველო), არც სანახაობები (რომლებიც უკრაინიდან სააკაშვილის გაძევების შემდეგ დამთავრდა). ბოროტმა ჯამბაზმა პოროშენკომ დაარღვია შოუს მთავარი კანონი, როცა 2014 წელს ნამდვილი ომი გააჩაღა დონბასში თავისი თანამემამულეების წინააღმდეგ და მას ანტიტერორისტული ოპერაცია უწოდა (როგორც სააკაშვილმა 2008 წელს - ცხინვალის რეგიონში კონფლიქტს კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა დაარქვა). „ომი და შოუ ერთმანეთთან შეუთავსებელია“ - ამბობს შოუს მთავარი კანონი, ამიტომ პოროშენკო, რომელსაც აშშ-სა და რუსეთს შორის ომის პროვოცირება სწყუროდა, თავიდან მოიშორეს (როგორც თავის დროზე მოიშორეს სააკაშვილი, რომელსაც ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში აშშ-სა და რუსეთს შორის კონფლიქტის პროვოცირება უნდოდა).

     პოროშენკოს წასვლაზე, როგორც უკვე მომხდარ ფაქტზე, იმიტომ ვლაპარაკობ, რომ მეორე ტურში ზელენსკის გამარჯვება გარანტირებული აქვს. და თუკი პოროშენკოს ტვინს ჯერ კიდევ მთლიანად არ მოედო შოკოლადისფერი მასა, ის უჩუმრად დატოვებს უკრაინას 21 აპრილამდე, რათა გისოსებს მიღმა არ ამოჰყოს თავი და მთელი ქონება არ დაკარგოს (რაც კიევში სააკაშვილის დაბრუნების შემთხვევაში გარანტირებული აქვს!).

რა მოელის უკრაინას ვლადიმერ ზელენსკის პრეზიდენტობის პერიოდში და საქართველოს - ბიძინა ივანიშვილის შემდეგ?

     ზელენსკიმ, როგორც პროფესიონალმა შოუმენმა, შოუს მთავარი კანონი იცის. ამიტომ ომი დონბასში, რომელიც ხელს არ აძლევს არც უკრაინელებს, არც რუსებს, არც ევროპას და არც აშშ-ს, ალბათ, თანდათანობით ჩაცხრება.

შემდეგ. მილიარდერ კოლომოისკის მხარდაჭერით პროდიუსერი ზელენსკი, რომელსაც ბიზნესპროექტები აქვს რუსეთში აღადგენს სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურულ-ჰუმანიტარულ ურთიერთობებს და სატრანსპორტო მიმოსვლას რუსეთის ფედერაციასთან (ზუსტად ისე, როგორც 2012 წელს რუსეთში მსხვილი ბიზნესის მქონე პრემიერი ივანიშვილი), ეს კი უკრაინელებისთვის უკვე პურია!

რაც შეეხება სანახაობას, ზელენსკი თვითონ მისცემს ფორას ნებისმიერს, მით უმეტეს, რომ ისეთი კონსულტანტი გამოუჩნდება, როგორიც უკრაინაში დაბრუნებული სააკაშვილი იქნება. სააკაშვილს „ლაგამს თუ ამოსდებენ“, ის შეუცვლელი პერსონაჟია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და კორუფციონერების საჩვენებელი დასჯისათვის, მასობრივი ექსპროპრიაციების და კონფისკაციების ჩასატარებლად!

საბოლოოდ უკრაინაში დიქტატურა ანარქიის მოსაზღვრე ჩანასახოვანი დონის დემოკრატიით შეიცვლება (მდგომარეობა, რომელიც საქართველოში 2012 წლიდან დღემდე არსებობს, ივანიშვილის პარტია „ქართული ოცნების“ მმართველობის მთელ პერიოდში). მაგრამ ეს დროებითია, იმიტომ რომ უკრაინაში, ისევე, როგორც საქართველოში, გარდუვალად გააცნობიერებენ რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკების აუცილებლობას. კიევში, ბოლოს და ბოლოს, მიხვდებიან, რომ მინსკის შეთანხმებების შესრულება და ჩრდილოატლანტიკური ალიანსისკენ სწრაფვაზე უარის თქმა - დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ერთიან სამართებრივ სივრცეში მშვიდობიანი დაბრუნების ერთადერთი ვარიანტია; თბილისში მიხვდებიან, რომ უარის თქმა „უალტერნატივო“ ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, რომელიც ასე წინდაუხედავად შეიტანეს ქვეყნის კონსტიტუციაში, აუცილებელი ნაბიჯია აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საქართველოს შემადგენლობაში რეინტეგრაციისთვის, თუნდაც - კონფედერაციების უფლებებით.

გამორიცხული არ არის, რომ საქართველოში ამ პროცესებს სათავეში ჩაუდგება ხელისუფლებაში დაბრუნებული სააკაშვილი, რისთვისაც მრავალი წინაპირობა არსებობს:
- ყველაფრის მიუხედავად, სააკაშვილი დღეს ყველაზე რეიტინგული პოლიტიკოსია საქართველოში. ეს დაამტკიცა გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნებმა, რომელზეც სწორედ მას, და არა მის მიერ განზრახულად წარდგენილ ყველაზე უხეირო კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს, ხმა 800 ათასმა ამომრჩეველმა მისცა;
- თავისი რუსულენოვანი აღზრდით და განათლებით, მართვის კომუნისტური სტილით და საბჭოური მენტალიტეტით სააკაშვილი უფრო ახლოს არის მოსკოვთან, ვიდრე საქართველოს ყველა ხელმძღვანელი მის შემდეგ. ყოველ შემთხვევაში, ყველასთვის ცნობილია, რას შეიძლება მისგან მოველოდეთ და ნულიდან დაწყება საჭირო არ არის;
- სააკაშვილს დიდი დამსახურება აქვს რუსეთის წინაშე;
პირველი - თავისი ქმედებებით მან შეგნებულად შექმნა საქართველოში გადაუჭრელი ტერიტორიული პრობლემები, რითაც სამუდამოდ დაბლოკა მისი შესვლა ნატოში;
მეორე - ზელენსკი, რომელიც, პოროშენკოსაგან განსხვავებით, რუსეთისთვის მისაღებია, პრეზიდენტი დიდწილად პოროშენკოზე არსებული მაკომპრომეტირებელი მასალების წყალობით გახდა, რომელზეც სააკაშვილმა ზუსტად არჩევნების წინ შური იძია („სტუმრად დიმიტრი გორდონთან“ სააკაშვილმა განაცხადა, რომ პოროშენკო თანახმა იყო, დაეკარგა დონბასი ყირიმთან ერთად, სამაგიეროდ, უკრაინის დანარჩენი ტერიტორიით ნატოში შესულიყო!).
ამიტომ ზელენსკი სააკაშვილს დაუბრუნებს უკრაინის მოქალაქეობას და სოლიდურ თანამდებობას უკრაინაში, რაც საქართველოში მიშას ტრიუმფალური დაბრუნების უვერტიურა გახდება.

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2019 წლის 8 აპრილი
საქართველო, თბილისი