უცხოეთი
უკრაინამ რუსეთში პირდაპირი ფრენა სრულად აკრძალა

 საქართველო, 5 აპრილი, საქინფორმი. უკრაინამ რუსეთში პირდაპირი ფრენა სრულად აკრძალა. ეს გადაწყვეტილება უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა მას შემდეგ მიიღო, რაც ცნობილი გახდა, რომ უკრაინის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი იური ბოიკო მოსკოვში ჩაფრინდა და რუსეთის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევს შეხვდა.

„ბატონმა ბოიკომ გამოიყენა ის ხარვეზი, რომელიც კანონში იყო დაშვებული. ამ დრომდე უკრაინიდან რუსეთში არარეგულარული ფრენა იმ თვითმფრინავით, რომელიც რუსეთში არაა რეგისტრირებული, სამწუხაროდ, დაშვებული იყო. ამით ისარგებლა ბატონმა ბოიკომ, მიიღო თანხმობა რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურისგან და კიევიდან პირდაპირ მოსკოვში ჩაფრინდა, სადაც აგრესორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს შეხვდა“, – განაცხადა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, არსენი ავაკოვმა.

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ გროისმანმა კი, უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატის შეხვედრას დიმიტრი მედვედევთან, უკრაინის დამცირება უწოდა, რისი უფლებაც, მისი თქმით, არავის უნდა ჰქონდეს.

იური ბოიკო რუსეთში უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურამდე ჩავიდა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინამ რუსეთში ფრენები 2015 წელს აკრძალა, თუმცა კანონში გარკვეული ხარვეზები დარჩა.

1tv.ge