უცხოეთი
ვლადიმირ ზელენსკი: ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილისნაირი ადამიანის დახმარება ყველას დასჭირდება

 საქართველო, 2 აპრილი, საქინფორმი. ვფიქრობ, სააკაშვილისნაირი ადამიანის დახმარება ყველას დასჭირდება, – ამის შესახებ უკრაინის საპრეზიდენტო კანდიდატმა, შოუმენმა ვლადიმირ ზელენსკიმ საარჩევნო უბანზე, ხმის მიცემის შემდეგ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.

საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტმა ზელენსკის კითხვა დაუსვა, რას ფიქრობს მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ჩასვლაზე.

„ჩამოვიდეს. მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილი ყველაზე დიდ როლს ახლა თამაშობს, როდესაც იცავს უკრაინის დემოკრატიას ევროპაში და აჩვენებს ამას თავისი ქმედებებით. მგონია, რომ ის სერიოზული დიპლომატია და სერიოზული კონსულტანტია ყველა ადამიანისთვის, ყველა კანდიდატისთვის, რომელიც დღეს პოლიტიკაში მიდის და გახდება პრეზიდენტი. ვფიქრობ, სააკაშვილისნაირი ადამიანის დახმარება ყველას დასჭირდება“,- აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, კითხვაზე, დასჭირდება თუ არა უშუალოდ მას სააკაშვილის დახმარება, ზელენსკი პასუხობს: „მე არ ვვაჭრობ პოსტებით“.

დღეს უკრაინის 35 მილიონი ამომრჩეველი ხუთი წლის ვადით აირჩევს ქვეყნის ლიდერს. ამ თანამდებობაზე კენჭს სულ 39 კანდიდატი იყრის. მათგან ფავორიტები შოუმენი ვლადიმირ ზელენსკი, უკრაინის ექსპრემიერი იულია ტიმოშენკო და ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო არიან.

ქვეყნის მასშტაბით სულ გახსნილია 29 ათასზე მეტი საარჩევნო უბანი. ხმის მიცემის პროცედურა უკრაინის დროით დილის 08:00 საათზე დაიწყო და საღამოს 20:00 საათზე ყველა უბანი უკვე დახურული იქნება (თბილისი დროით 21:00). სწორედ ამ დროს გახდება ცნობილი ეგზიტპოლების შედეგები.

იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში ვერც ერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ხმათა 50 პროცენტზე მეტს, მეორე ტური დაინიშნება. თუ ეს ასე მოხდება, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური უკრაინაში 21 აპრილს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ პოლიტოლოგებისა და ექსპერტების პროგნოზებით, უკრაინის ახალი პრეზიდენტის ვინაობა პირველ ტურში სავარაუდოდ ვერ გამოვლინდება.

უკრაინაში მიმდინარე არჩევნებს ადგილიდან საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტებიც აშუქებენ.

1tv.ge