უცხოეთი
პეტრო პოროშენკო - მე და ჩემმა ოჯახმა ხმა მივეცით უკრაინას

 საქართველო, 1 აპრილი, საქინფორმი. უკრაინის მოქმედმა ლიდერმა პეტრო პოროშენკომ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმა მისცა. როგორც მან საარჩევნო უბანზე ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს ხმა უკრაინას მისცა.

„დღეს ხმა უკრაინას მივეცი, ისევე, როგორც ჩემი ოჯახის წევრებმა და ყველა უკრაინელმა. ამომრჩევლებს აქვთ საშუალება, გამოხატონ თავის ნება. ეს საჭიროა, რათა წინ ვიაროთ, რომ ჩვენ ევროპულ ოჯახში დავბრუნდეთ, გავხდეთ ევროკავშირისა და ნატო-ს წევრები“, – განაცხადა პოროშენკომ.

მისივე თქმით, ის დარწმუნებულია, რომ არჩევნები კარგად არის ორგანიზებული და უკრაინის მოქალაქეებს საკუთარი ნების გამოხტავა დაუბრკოლებლად შეუძლიათ.

დღეს უკრაინის 35 მილიონი ამომრჩეველი ხუთი წლის ვადით აირჩევს ქვეყნის ლიდერს. ამ თანამდებობაზე კენჭს სულ 39 კანდიდატი იყრის. მათგან ფავორიტები შოუმენი ვლადიმირ ზელენსკი, უკრაინის ექსპრემიერი იულია ტიმოშენკო და ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო არიან.

ქვეყნის მასშტაბით სულ გახსნილია 29 ათასზე მეტი საარჩევნო უბანი. ხმის მიცემის პროცედურა უკრაინის დროით დილის 08:00 საათზე დაიწყო და საღამოს 20:00 საათზე ყველა უბანი უკვე დახურული იქნება (თბილისი დროით 21:00). სწორედ ამ დროს გახდება ცნობილი ეგზიტპოლების შედეგები.

იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში ვერც ერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ხმათა 50 პროცენტზე მეტს, მეორე ტური დაინიშნება. თუ ეს ასე მოხდება, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური უკრაინაში 21 აპრილს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ პოლიტოლოგებისა და ექსპერტების პროგნოზებით, უკრაინის ახალი პრეზიდენტის ვინაობა პირველ ტურში სავარაუდოდ ვერ გამოვლინდება.

უკრაინაში მიმდინარე არჩევნებს ადგილიდან საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტებიც აშუქებენ.

1tv.ge