საზოგადოება
ნატოს მინისტერიალზე შავი ზღვის უსაფრთხოებაზე საქართველოსთან თანამშრომლობის ახალ ნაბიჯებზე შევთანხმდებით - ჯეიმს აპატურაი

 საქართველო, 29 მარტი, საქინფორმი. ნატოს მინისტერიალზე შევთანხმდებით საქართველოსთან თანამშრომლობის ახალ ნაბიჯებზე, შავი ზღვის უსაფრთხოებაზე, – ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ესანიშნავი შეხვედრა გვქონდა. საგარეო საქმეთა მინისტრმა წარმოადგინა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, თუმცა, რა თქმა უნდა, მთავარი ფოკუსი იყო შავი ზღვის უსაფრთხოებაზე.

ძალიან ცხადი მიზეზებია, რატომ არის უსაფრთხოების კუთხით სიტუაცია მნიშვნელოვანი არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ნატოს ალიანსისთვის და კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც წლების განმავლობაში ვთანამშრომლობთ შავი ზღვის რეგიონში ჩვენი ურთიერთობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებაზე.

მომავალ კვირას ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების მინისტერიალზე ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება შავი ზღვის უსაფრთხოება და ჩვენ ამ შეხვედრაზე შევთანხმდებით საქართველოსთან თანამშრომლობის ახალ ნაბიჯებზე შავი ზღვის უსაფრთხოებაზე. უნდა დაველოდეთ საგარეო საქმეთა მინისტერიალს, რომელმაც ეს უნდა დაამტკიცოს. მაგრამ რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ახალი ნაბიჯები ფოკუსირებული იქნება სასაზღვრო, სახმელეთო და საჰაერო გარემოზე და პრაქტიკული თანამშრომლობაზე. ჩვენ ნამდვილად ძალიან პრაქტიკულ ნაბიჯებს მივიღებთ იმისთვის, რომ ერთად ბევრი გავაკეთოთ“, – განაცხადა აპატურაიმ.

ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა მუდმივი წარმომადგენლების დონეზე. სხდომას ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე როზ გოტმიულერი უძღვებოდა. საქართველოს მხრიდან ალიანსის მუდმივ წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.