აქტუალური
ჩვენი ეკონომიკის ზრდა მხოლოდ რიცხვობრივი მაჩვენებლით იგრძნობა

buget_stateსაქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2011 წლის იანვარში 3 973 ახალი საწარმო დარეგისტრირდა, რაც შარშანდელი იანვრის მონაცემებთან შედარებით 34%-ით მეტია. ამასთან, დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვამ 2 619.1 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 39.7%-ით მეტია წინა წლის შესაბამისი თვის მაჩვენებელზე, კერძოდ, 2010 წლის იანვარში დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვამ 1 875.0 მილიონი ლარი შეადგინა.

რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის მაჩვენებლებს 2011 წლის იანვარში, მისმა ხარჯებმა 382.9 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 84.3 მილიონი ლარით აღემატება წინა წლის ანალოგიური თვის მაჩვენებელს.

2011 წლის იანვარში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავალმა 443.4 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო 2010 წლის იანვარში – 349.8 მილიონი. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაიზარდა საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაც (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე), რომელმაც 584.0 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. კერძოდ, რეგისტრირებული ექსპორტი 147.8 მილიონი დოლარი იყო, რეგისტრირებული იმპორტი კი – 436.2 მილიონი დოლარი.

ხელისუფლება ინფლაციის მაჩვენებლის ზრდას გარეფაქტორებს უკავშირებს, სხვა ეკონომიკური მაჩვენებლების ზრდას კი – მხოლოდ საკუთარ დამსახურებასა და ეკონომიკის განითარებას. ინფლაცია მხოლოდ მოქალაქეების ჯიბეს აზარალებს და არა სახელმწიფო ბიუჯეტს. ექსპერტების განცხადებით, ეკონომიკური პარამეტრების ზრდას სწორედ მაღალი ინფლაცია განაპირობებს. „მაგალითად, ის ფაქტი, რომ ვაჭრობა თანხობრივ ჭრილში გაიზარდა, ეს ინფლაციის მაღალ მაჩვენებელზე მიუთითებს და არა მოცულობის გაზრდაზე. საქართველოში იმპორტირებული პროდუქტი თვიდან თვემდე მაღალი ფასით შემოდის და სავაჭრო მოცულობაც მის ხარჯზე იზრდება“, – აცხადებს ვახტანგ გზირიშვილი, ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში.