პოლიტიკა
ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა

 საქართველო, 28 მარტი, საქინფორმი. 27-28 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ბრიუსელს ეწვია, სადაც გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა ნატოს წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების დონეზე. საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახურის ცნობით, სხდომა საქართველოს ეძღვნებოდა და მასზე განხილული იქნა საქართველო-ნატოს თანამშრომლობის ფართო სპექტრი, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე.

საგარეო საქმეთა მინისტრმა სიტყვით მიმართა ნატო-საქართველოს კომისიის მონაწილეებს. ასევე ვიზიტის ფარგლებში გაიმართება დავით ზალკალიანის შეხვედრა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან როზ გოტმიულერთან.

საქართველოს საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ მიმდინარე კვირა განსაკუთრებით დატვირთულია ნატო-საქართველოს თანამშრომლობის კონტექსტით. ალიანსის გენერალური მდივნის ვიზიტის შემდგომ 27 მარტს გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა ბრიუსელში, 27-28 მარტს საქართველოს ეწვევა ნატოს სამხედრო კომიტეტი და საქართველოში მიმდინარეობს ნატო-საქართველოს 2019 წლის სწავლება.

მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ღონისძიებები ტარდება ნატოს საგარეო მინისტერიალამდე, რომელიც 3-4 აპრილს ვაშინგტონში გაიმართება. საქართველო მონაწილეობას მიიღებს ნატოს მინისტერიალის ფარგლებში ალიანსის 70 წლისთავთან დაკავშირებულ პარალელურ ღონისძიებებში.