უცხოეთი
ინგუშეთში აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა (ვიდეო)

 საქართველო, 28 მარტი, საქინფორმი. ინგუშეთში საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა. მომიტინგეები იძულებულნი გახდნენ, მოედანი დაეტოვებინათ. ინფორმაციას უფლებადამცველი ორგანიზაცია „მარშის“ ხელმძღვანელი მაგომედ მუცოლგოვი ავრცელებს (ვიდეოს იხ. აქ).

მისი თქმით, გუშინ ღამით და დღეს დილით ძალოვანებმა სულ სამჯერ სცადეს მომიტინგეების დარბევა, თუმცა აქციის მონაწილეებმა მათი მოგერიება შეძლეს. მუცოლგოვის თქმით, მიტინგის მონაწილეებმა გადაწყვიტეს, დაიშალონ და ახალი აქცია ხუთ დღეში გამართონ.

შეგახსენებთ, რომ ინგუშეთში საპროტესტო აქცია გუშინ დაიწყო. ორგანიზატორების თქმით, დემონსტრაციაში 50 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა. აქცია ერთი დღით იყო სანქცირებული, თუმცა მონაწილეთა ნაწილმა გადაწყვიტა, მაგასის მოედანზე მთელი ღამე დარჩენილიყო.

დემონსტრანტები რეფერენდუმის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას ეწინააღმდეგებიან. საქმე ეხება ჩეჩნეთისა და ინგუშეთის საზღვრის გადახედვის შესახებ შარშან ხელმოწერილ შეთანხმებას, რომელსაც ადგილობრივები არ ეთანხმებიან. აქციაზე ისმოდა ინგუშეთის მეთაურის გადადგომის მოთხოვნაც.

1tv.ge