პუბლიკაციები
რატომ ჩაატარა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მობილურ ტელეფონებთან ბრძოლის კამპანია (საქინფორმის ჟურნალისტური გამოძიება)

georgian_gori„ამბობენ, რომ სამყარო მეტყველი და არცთუ ყრუა და მითქმა-მოთქმა სასაკლაოთა ნახვრეტებიდანაც ჟონავს...“ – რასულ ჰამზათოვის სტრიქონები ტყუილუბრალოდ როდი გავიხსენეთ. ქვეყნის „დემოკრატიზაციამ“, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ვერ მიაღწია იმ დონეს, როცა სამხედრო უწყების საქმიანობა „გამჭვირვალე“ და საზოგადოების კონტროლს დაქვემდებარებული იქნება. თუმცა ზოგჯერ „თავდაცვის რედუტებიდანაც“ ჟონავს ერთობ საგულისხმო ცნობები: საინფორმაციო-ანალიტიკურ სააგენტო „საქინფორმს“ ანონიმურმა წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომლის გადასამოწმებლადაც ჩვენ ჟურნალისტური გამოძიება ჩავატარეთ, რის შედეგადაც აშკარა დარღვევების ფაქტები გამომჟღავნდა. აი, რა შეიტყვეს ჩვენმა ჟურნალისტებმა სამხედროებისგან, რომლებმაც, გასაგები მიზეზების გამო, ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვეს.

ეს ისტორია 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში დაიწყო და ბრძოლის ველიდან ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების დეზერტირობას უკავშირდება, რომლებმაც არა მარტო ტექნიკა და იარაღი, არამედ, პირადი სამხედრო ამუნიციაც დაყარეს. თავის მხრივ, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, კანონის ფორმალური კარნახით, თავისი ბრძანებულებით დეზერტირები საქართველოს არმიის რიგებიდან გაათავისუფლა. შედეგად, გათავისუფლებული აღმოჩნდა ათასზე მეტი ჩვენი „საამაყო“ ოფიცერი.

თუმცაღა გათავისუფლებები ამით არ დასრულებულა. ამ ერთი თვის წინათ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აღნიშვნის ღირსი კიდევ ერთი ბრძანებულება გამოსცა, რომლის თანახმადაც, ყველა სამხედრო მოსამსახურემ საჯარისო ნაწილების ტერიტორიაზე შესვლისას მობილური ტელეფონები ამისათვის საგანგებოდ გამოყოფილ შენობაში უნდა ჩააბაროს.

ამ ბრძანებულების აბსურდულობა იმთავითვე ეჭვს როდი იწვევს. ჯერ ერთი, ოფიციალურად აღიარებულია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები არავითარ საიდუმლო ობიექტებს არ ფლობენ. ასე რომ, მათი კოორდინატების მტრისთვის გადაცემას ვირტუალური მოღალატეები, მათი არსებობის პირობებშიც კი, ვერასგზით შეძლებდნენ. მეორე მხრივ, „ჯაშუშებს“ ცნობების გადაცემა სამსახურის დასრულების შემდეგაც შეეძლოთ. კაცმა რომ თქვას, რა საჩქაროა?! ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სარდლობა მართლაცდა ეჭვს მიიტანდა ვინმეზე, ხომ გაცილებით გონივრული იქნებოდა, მისთვის მობილური ტელეფონი დაეტოვებინა და „მოსმენის“ ორგანიზება მოეხდინა?

თუმცაღა ეს საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ კი არა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელთა განსასჯელია (სამხედრო ხელმძღვანელობამ თავისი საქმე ალბათ ჟურნალისტებზე უკეთ იცის), ამიტომ ამ კომენტარებით შემოვიფარგლებით და მკითხველს ჩვენი გამოძიების მასალებს გავაცნობთ.

ბრძანება სინამდვილეში ხელმძღვანელთა მარტოოდენ მკაცრი განკარგულება როდი აღმოჩნდა; ერთ დღესაც შეამოწმეს – აბა, როგორ სრულდება? მოულოდნელი შემოწმების შედეგად კი გაირკვა, რომ ყველაფერი ისე როდია, როგორც ბრძანების თანახმად უნდა ყოფილიყო...

აქ ალბათ უპრიანია, მკითხველს განვუმარტოთ, რომ, როგორც წესი, შეიარაღებული ძალების თითოეული სამხედრო ნაწილის სამხედროები, ისევე, როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები, თავიანთი მობილური ტელეფონებისთვის კორპორატიულ ნომრებს იყენებენ. ამიტომ შემმოწმებლისთვის არავითარ სირთულეს არ წარმოადგენდა იმ ტელეფონის მფლობელის ვინაობისა და რაოდენობის დადგენა, ვინც სამხედრო ნაწილის შესასვლელში, სპეციალურ ოთახში, მობილური აპარატები არ ჩააბარა. შედეგად, არმიიდან კიდევ რამდენიმე „წესრიგის დამრღვევი“ ოფიცერი გააძევეს.

„სადამსჯელო ოპერაციის“ მიმდინარეობისას ზოგჯერ კურიოზებსაც ჰქონდა ადგილი. მაგალითად, ერთი პოლკოვნიკი იმიტომ გაათავისუფლეს, რომ მობილური ტელეფონი არ აღმოაჩნდა იმ მომენტში, როცა იგი, რატომღაც, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დასჭირდა და ვერსად მოძებნეს.

და კვლავაც, მიუხედავად ზემოთ მიცემული დაპირებისა, კომენტარისგან თავის შეკავება არ შეგვვიძლია: მთელ მსოფლიო სამხედრო სივრცეში ამ ექსკლუზიური ბრძანებულების არსზე დაფიქრებისას თავიდან (თუმცა ძალისხმევამოშველიებით!) შეიძლება მოგეჩვენოს, რომ ამგვარი ბრძანება სრულებითაც არ იქნებოდა უადგილო, ვთქვათ, საბრძოლო მოქმედებებისას – ვინ იცის, ასეთ სიტუაციაში ვის ხელში შეიძლება აღმოჩნდეს სამხედრო მოსამსახურის „მობილური“?! თუმცა, 2008 წლის აგვისტოს მწარე გამოცდილების გათვალისწინებით, ამ აზრსაც (გარკვეულწილად, სამართლიანს, თუმცა არა – ქართული არმიისათვის!) უგულებელვყოფთ, რადგან, 2008 წლის აგვისტოს კამპანიის მიმდინარეობისას, საქართველოს შეიარაღებული ძალების დიდი და მცირე ქვედანაყოფების მეთაურთა ხელში კავშირის სპეციალური საშუალებების არარსებობისას, სწორედ მობილური ტელეფონების მეშვეობით ისინი, ავად თუ კარგად, თავიანთი მოქმედებების კოორდინირებას ახდენდნენ! ეს საშუალებებიც რომ არ ყოფილიყო, ე. წ. ომის შედეგები გაცილებით სავალალო აღმოჩნდებოდა...

თუმცაღა, ეს კვლავაც ჩვენი საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტოს დასკვნებია, ამიტომ საქინფორმმა კითხვებით მიმართა პროფესიონალ სამხედროს, ოფიცერს (რომელსაც პირობითად გიორგის დავარქმევთ). 

საქინფორმი: – ბრძანება ბრძანებაა! და თუ ის დანაშაულებრივი არაა, უნდა შესრულდეს კიდეც. მართალია, მობილურ ტელეფონებთან დაკავშირებულ ბრძანებულებას მთლად გონივრულს ვერ უწოდებ, მაგრამ ის არც დანაშაულებრივია. რას იტყვით ამის შესახებ, ბატონო გიორგი?

ოფიცერი გიორგი: – გეთანხმებით. ბრძანებაც არის და ბრძანებაც... ასეთი ბრძანების შეუსრულებლობისათვის დასჯა არაადეკვატურად მიმაჩნია. დარწმუნებული ვარ, რომ თავიდან სარდლობას შეეძლო საყვედურით, სხვა დისციპლინური სასჯელით ან, უარეს შემთხვევაში, ხელფასიდან ჯარიმის სახით გარკვეული თანხის დაკავებით შემოფარგლულიყო.

თუმცაღა სამხედროებთან საუბრის შედეგად, ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების გაგრძელების, ფაქტებისა და ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის შეჯერებისას სულ უფრო მეტად ვიხრებოდით იმ აზრისკენ, რომ ეს გათავისუფლებები სავსებით გარკვეულ მიზანს ემსახურება, რომელიც ერთობ შორსაა დისციპლინური სასჯელისა და ავადსახსენებელი მობილური აპარატებისგან. სანდო წყაროებიდან შევიტყვეთ, რომ სამხედრო უწყებაში განსაზღვრულ მომენტში გათავისუფლებათა იმ დონემდე მივიდნენ, რომ ბევრი სამხედრო ნაწილის საშტატო განაწესში საბრძოლო ოფიცერთა მწვავე ნაკლებობა გამოვლინდა, რის შემდეგაც „ბორბალი უკუღმა დატრიალდა“. სწორედ აქ იხილა დღის სინათლე უპრეცედენტო იურიდიულმა განმარტებამ იმის თაობაზე, თუ ვინ შეიძლებოდა დაებრუნებინათ სამსახურში:

„რაც შეეხება თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 4 დეკემბრის #759 ბრძანებულებას, განვმარტავთ, რომ ის არ ემსახურება დანაშაულებრივი ელემენტებისა და კრიმინალების გაწვევას (სამხედრო სამსახურში, – საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“), რადგან საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც საქართველოს შეიარაღებულ ძალებში კონტრაქტით სამსახურის სურვილი გამოთქვეს, უნდა აკმაყოფილებდნენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ამ მოთხოვნების თანახმად, თავისთავად გამორიცხულია სამსახურში ნასამართლევ პირთა მიღება. ამასთან, რუსეთის აგრესიის დროს საბრძოლო მოქმედებებში ასეთი სამხედრო მოსამსახურენი ღირსეულ მონაწილეობას იღებდნენ და ამ პირთა „კრიმინალებად“ მოხსენიება არაკორექტულია“.

აი, სიტყვასიტყვით ამას ღაღადებს ეს დოკუმენტი, რომელიც დახვეწილი კაზუისტიკის მაგალითად დასახელების ღირსია. განსაკუთრებით, მაშინ, როცა მის მეორე ნაწილს ეცნობი:

„ამ შემთხვევაში კონტრაქტის პირობების დარღვევა არ ნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენას, რადგან ისინი შეიცავენ დარღვევებს, რომლებიც დასჯადი მოქმედებების ხასიათს არ ატარებს.

აღსანიშნავია, რომ წინა პერიოდთან შესატყვისად, სამსახურში გაწვევის ბრძანებულება განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს საჯარისო სახეობების მეთაურებს, რომლებსაც უშუალოდ ავალებს მათდამი დაქვემდებარებულ ჯარებში ღირსეული სამსახურისთვის ასეთი პირების მზაობის ხარისხის განსაზღვრას“.

როგორც იტყვიან, „ეშმაკიც ვერაფერს გაიგებს“, თუმცა საქინფორმის ჟურნალისტებმა ძალღონე არ დაიშურეს და ამ ბრძანებულებაში ფხიზელი თვალით ამოიკითხეს: „ვინც გნებავთ, ის გაიწვიეთ, ბატონო გენერლებო და პოლკოვნიკებო, მაგრამ იცოდეთ, რომ მათზე საკუთარი თავით აგებთ პასუხს! და შტატებთან დაკავშირებითაც ყველაფერი რიგზე უნდა იყოს!“ სამსახურში უკანმიღებულები კი, რომელთაგან ბევრია ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, მათდამი გამოხატული ნდობით ფრთაშესხმულნი, იფიცებიან, რომ წესიერად მოიქცევიან, ფეხაწყობით ივლიან და არავითარ შემთხვევაში... სახელდობრ, რის დამტკიცებაც საჭირო იყო!

თუმცა ჯერ არ დაგვისრულებია: შემდგომი გამოძიებისას თანდათან ჩავწვდით თამაშის არსს, სახელწოდებით, „დავითხოვე-დავაბრუნე, დავითხოვე-დავაბრუნე“. საქმე ისაა, რომ, როგორც აღმოჩნდა, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამხედრო მოსამსახურის მიღებისას კონტრაქტით განსაზღვრულია მისი საცხოვრისით უზრუნველყოფა და სხვადასხვა სოციალური შეღავათი, რომელთა „ხელგაშლით დარიგება“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დღემდე ცოცხალი თავით არ სურს. ჰოდა, მავანმა სამხრეებიანმა ეშმაკმა ეს „კარუსელი“ გამოიგონა – სხვადასხვა მიზეზით მათი გათავისუფლება, ვისაც მოკლე ხანში კონტრაქტი უმთავრდება და შემდეგ მათი სამსახურში დაბრუნება ახალი კონტრაქტის ხელმოწერით – სამსახურში დანიშვნის ახალი თარიღით, რაც სამხედრო უწყებას საშუალებას აძლევს, თავისი ვალდებულებების შესრულება კიდევ წლობით, უკვე ახლად დადებული კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე, გადადოს! შემდეგ კი, როგორც იტყვიან, დრო გვიჩვენებს... სავარაუდოდ, რაიმე ახალ ეშმაკობას მოიფიქრებენ, ამგვარი „ოინების“ გამოცდილება ხომ ჩვენს სამხედრო მეთაურებს უხვად აქვთ. გავიხსენოთ თუნდაც დიდი სამამულო ომის ვეტერანთა შელახული უფლებები და სხვადასხვა საბრძოლო მოქმედების მონაწილეთა, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ავარიის ლიკვიდატორების ლიკვიდირებული შეღავათები (კომუნალური გადასახადები, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასური, ფასდაკლება მედიკამენტებზე და უფასო მკურნალობა), ბედის ანაბრად მიტოვებული ხეიბარი სამხედროები და დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახები, მოწყალების ტოლფასი პენსიები (შეადარეთ აშშ-სა და ევროპაში ვეტერანებისა და პენსიონერი სამხედროების პენსიებს, ბატონო ხელისუფალნო! თქვენ ხომ ასე ძალიან გიყვართ ყველაფერში ევროპასთან შეჯიბრი?! ავტობანები და შადრევნები მოიცდის... მათ ხომ დიდი დღე აღარ უწერიათ – არა, ხანდაზმულობის კი არა, სიცივის, გაჭირვების, სნეულებებისა და შიმშილის გამო! და მერე ნუღარ გაიკვირვებთ, რომ ისინი საპროტესტო აქციებზე გამოდიან, რომლებსაც თქვენ ხელკეტებით არბევთ და ქალებსა და ხნიერ ვეტერანებსაც არ ინდობთ! საქინფორმი).

გადაუმოწმებელი ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ამ დისკრიმინაციული ბრძანებულებების „გამომგონებელი“ სოლიდური პრემიით დააჯილდოვა (აბა, რა იქნებოდა, მან ხომ უამრავი ფული დაუზოგა „მშობლიურ“ სამინისტროს!). სამაგიეროდ, საცხოვრისისა და შეღავათების მომლოდინე მოსამსახურეებს იმედები მწარედ გაუცრუვდათ...

 

საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო "საქინფორმი"