საზოგადოება
საქართველომ ისრაელის მაგალითს უნდა მიჰბაძოს და ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში შესასვლელად მოლაპარაკება დაიწყოს - ავიგდორ ესკინი

 საქართველო, 20 მარტი, საქინფორმი. „საქართველომ უნდა შეცვალოს თავისი პოლიტიკა რუსეთის მიმართ ქვეყნებს შორის კეთილი ატმოსფეროს შესაქმნელად. საქართველოს კოლოსალური გავლენა აქვს რეგიონში, მისი მნიშვნელობა ძალიან დიდია. საქართველომ უნდა გამოიჩინოს რაღაც კეთილი ნება პოსტსაბჭოთა სივრცეში ინტეგრაციის მიმართ ისე, რომ დასავლეთთან კავშირები არ დააზარალოს, ისრაელის მაგალითს უნდა მიჰბაძოს. როგორც თქვენთვის ცნობილია, ისრაელი საკმაოდ მჭიდროდ თანამშრომლობს აშშ-სთან, მაგრამ მიუხედავად ამისა, მოლაპარაკებას აწარმოებს ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გასაწევრიანებლად. ამჟამად ისრაელი ასევე მიდის ღია დიპლომატიური ურთიერთობისაკენ სომხეთთან, რათა კიდევ ერთი ფანჯარა გახსნას ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში. რატომ არ შეუძლია საქართველოს, ასეთივე პოზიცია დაიკავოს?“, - განაცხადა ისრაელელმა მწერალმა და პუბლიცისტმა ავიგდორ ესკინმა რადიო Sputnik-ის ეთერში.

ექსპერტის აზრით, მართალია, ტერიტორიული კონფლიქტი ყველაზე მტკივნეულია, მაგრამ ისტორიაში არსებობს უამრავი მაგალითი, როცა ანალოგიურ ვითარებაში ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობა არსებობდა: კერძოდ, იაპონია და სსრკ. „მე ვფიქრობ, რომ ისრაელის მაგალითი შეიძლება მეტად წარმატებული იყოს საქართველოსთვის, რუსეთმა კი თავისი ინტერესები უნდა დაიცვას. ისინი, უპირველეს ყოვლისა, იმაში მდგომარეობს, რომ გააუმჯობესოს ურთიერთობა საქართველოსთან და იქ საკუთარი პოზიტიური გავლენა ჰქონდეს. მაგრამ ამ მოლაპარაკების წარმოებისთვის კეთილი ნებაა საჭირო. კეთილი ატმოსფერო ბიძგს მოითხოვს, ეს ბიძგი უნდა იყოს კულტურული, პოლიტიკური და, ასევე, ძალზე მნიშვნელოვანია სახალხო დიპლომატია“, - დაასკვნა პუბლიცისტმა.