სამართალი
ახალ ზელანდიაში თავდასხმისას გამოყენებულ იარაღზე ქართული წარწერები იყო

 საქართველო, 18 მარტი, საქინფორმი. ახალ ზელანდიაში ორ მეჩეთზე ტერორისტული თავდასხმისას გამოყენებულ იარაღზე დამნაშავეს ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ მებრძოლი სამხედრო პირების სახელები ჰქონდა დატანილი.

შაშხანებსა და მჭიდებზე განთავსებულ წარწერებზე, დავით სოსლანის და დავით აღმაშენებლის გარდა, ნახსენებია მე-18-მე-19 საუკუნის რუსი საზღვაო მხედართმთავარი და გენერალ-ადიუტანტი დიმიტრი სენიავინი, რომელმაც 1806-1812 წლების რუსეთ-თურქეთის ომის დროს დარდანელის და ათონის ბრძოლებში ოსმალეთის ფლოტი დაამარცხა.

ერთ-ერთ მჭიდზე ასევე გამოსახულია რუმინეთის პრინცის შერბან კანტაკუზინის სახელი, რომელიც მე-17 საუკუნეში ოსმალეთის იმპერიასთან ერთად იბრძოდა, თუმცა ავსტრიელ მოკავშირეებს თურქების გეგმებს საიდუმლოდ აწოდებდა.

ჩამოთვლილ სახელებს შორის არის ასევე მარკო მილიანოვ პოპოვიჩი, მე-19 საუკუნის ცნობილი მონტენეგროელი მწერალი და სარდალი, რომელიც ოსმალეთის იმპერიისგან სერბეთის გათავისუფლებისთვის იბრძოდა.

წარწერებში ასევე ჩანს ბრიტანელი ედვარდ კოდრინგტონი, რომელმაც 1827 წელს ბრიტანულ, ფრანგულ და რუსულ საზღვაო ძალებთან ერთად ოსმალეთის იმპერიისა და ეგვიპტის გაერთიანებული ძალები დაამარცხა.

ერთ-ერთ მჭიდზე, გამოსახულია სერბი მმართველის სტეფან ლაზარევიჩის სახელიც, რომელმაც მე-15 საუკუნეში სერბეთს თურქებისგან დამოუკიდებლობა დაუბრუნა.

წარწერებში ასევე მოხვდა მარკო ანტონიო ბრაგადინი, მე-16 საუკუნის ვენეციელი ადვოკატი და სამხედრო ოფიცერი, რომელიც ვენეციის სამხედრო ძალებს მეთაურობდა ოსმალეთის წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლებში.

სამხედრო აღჭურვილობაზე ჩანს ალბანელი დიდგვაროვანი გიორგი არიანიტი, რომელიც მე-14 და მე-15 საუკუნეებში ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ აჯანყებებს ხელმძღვანელობდა.

თავდამსხმელმა მჭიდზე დააწერა იტალიელი არისტოკრატის მარკანტონიო კოლონას სახელიც, რომელიც მე-16 საუკუნეში ცხენოსანი ჯარის მეთაური იყო და ლეპანტოს ბრძოლაში ოსმალების წინააღმდეგ იბრძოდა.

წარწერებში ასევე ჩანს ვენეციის დოჟი სებასტიანო ვენიერი, რომელიც 1570 წელს ოსმალეთთან ომში ვენეციურ ფლოტს მეთაურობდა. ასევე, ხელმძღვანელობდა კონტინგენტს ლეპანტოს ბრძოლაში, სადაც „საღვთო ლიგამ” ოსმალეთის არმია დაამარცხა.

მჭიდზე ასევე იკითხება პელაიო”. ეს ასტურიის სამეფოს პირველი მეფეა, რომელსაც რეკონკისტას (იბერიის ნახევარკუნძულზე ქრისტიანული მიწების დაბრუნებისთვის ბრძოლა) წამოწყებას მიაწერენ. მან იბერიის ნახევარკუნძულზე მავრების ჰეგემონობის საწინააღმდეგოდ დამოუკიდებელი ქრისტიანული სახელმწიფო დააარსა.

ერთ-ერთ მჭიდზე არის წარწერა – როტერჰემისთვის”, რაც ბრიტანელ-პაკისტანელი მუსლიმების მიერ არასრულწლოვან გოგონებზე სექსუალური ძალადობის სკანდალს ეხება.

თავდამსხმელს იარაღზე ასევე გამოსახული ჰქონდა ალექსანდრ ბისონეტის სახელი, რომელმაც 2017 წელს კვებეკში მეჩეთში მყოფ ხალხს ცეცხლი გაუხსნა, შედეგად კი ექვსი ადამიანი დაიღუპა.

აი, თქვენი მიგრაციის კომპაქტი, - ეს წარწერა კი გაეროს მიერ წარდგენილ კომპაქტს ეხება, რომელიც ერთ-ერთ მიზნად მიგრანტების წინააღმდეგ დისკირიმინაციასთან ბრძოლას ისახავს.

იარაღზე იკითხება ტური 732”. ეს წარწერა ფრანკებსა და არაბებს შორის გამართულ პუატიეს ბრძოლას ეხება, რომელიც ფრანკების გამარჯვებით დამთავრდა.

ასევე წარწერა – „14 სიტყვა თეთრკანიანთა უპირატესობის სლოგანია, რომელიც ჰიტლერის “ჩემი ბრძოლიდან” არის ამოღებული.

ახალი ზელანდიის ქალაქ კრაისტჩარჩში ორ მეჩეთზე თავდასხმის შედეგად 49 ადამიანი დაიღუპა. პოლიციამ ოთხი ადამიანი დააკავა, რომელთაგან ერთს ბრალი უკვე წაუყენეს.