უცხოეთი
ევროპარლამენტმა დეზინფორმაციის შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა

 საქართველო, 15 მარტი, საქინფორმი. ევროპარლამენტმა დეზინფორმაციის შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა. დოკუმენტს 489 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი 148 იყო, 30-მა ევროპარლამენტარმა კი, თავი შეიკავა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროპაში დეზინფორმაციის მთავარი წყარო რუსეთია, ამას გარდა მსოფლიოში დეზინფორმაციის გამავრცელებელ ქვეყნებად დასახელებულია ჩინეთი, ირანი და ჩრდილოეთ კორეა.

ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ ეს ქვეყნები ევროკავშირში დემოკრატიისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა წევრი სახელმწიფოს სუვერენიტეტის შელახვას ცდილობენ.

ევროპარლამენტის რეზოლუცია ევროკავშირისადმი რეკომენდაციებს მოიცავს. დეპუტატები მოუწოდებენ ევროკავშირის წევრებს, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე შეიმუშავონ საკანონმდებლო ჩარჩო ჰიბრიდული საფრთხეებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ საჭიროა ამაღლდეს ცნობიერება რუსულ სადეზინფორმაციო კამპანიებთან დაკავშირებით, რადგან ეს ევროპაში დეზინფორმაციის მთავარ წყაროს წარმოადგენს.

ევროპელი კანონმდებლები საჭიროდ მიიჩნევენ, მტრულ პროპაგანდაზე რეაგირებისთვის ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურში 2015 წელს შექმნილი სპეციალური ჯგუფის, „სტრატკომის“ გაფართოებას.

ევროპარლამენტის წევრები ასევე საჭიროდ მიიჩნევენ სოციალური მედიის კომპანიების, საძიებო სისტემების პროვაიდერების კანონით რეგულირებას. ამასთან, პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ კომპანიებს, რომლებიც ყალბ ახალ ამბებს დროულად არ წაშლიან. ხელისუფლებას კი, უნდა შეეძლოს პოლიტიკური შინაარსის მასალების ავტორებისა და სპონსორების იდენტიფიცირება.

რეზოლუციაში ევროპარლამენტის წევრები მკაცრად გმობენ მესამე მხარეების ჩარევას არჩევნებსა და რეფერენდუმებში.

ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მხარი უნდა დაუჭირონ ევროკავშირთან ასოცირებულ სახელმწიფოებსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს პროპაგანდისტული საქმიანობისგან საარჩევნო პროცესების დასაცავად.

„დეზინფორმაცია წამლავს გულსა და გონებას. ჩვენ ვეღარ უარვყოფთ ფაქტს, რომ ჩვენი ინსტიტუტები და საზოგადოებები კრემლის მტრული პროპაგანდის სამიზნეები გახდნენ. საბედნიეროდ, ახლა უფრო გამოცდილები და ერთიანები ვართ ამის წინააღმდეგ. ჩვენი პასუხი დამოკიდებულია ძლიერ საზოგადოებაზე, გამჭვირვალე მედიაზე და პლურალიზმის წახალისებაზე, ამავე დროს ცენზურის თავიდან არიდებაზე“, – განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, ანა ფოტიგამ.

1tv.ge