პუბლიკაციები
1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 23 ადამიანის ნეშტია ამოცნობილი

 საქართველო, 13 მარტი, საქინფორმი. 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 23 ადამიანის ნეშტია ამოცნობილი.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ინფორმაციით, ეს შესაძლებელი გახდა იმ ორი საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, რომლებიც წჯსკ-ს ეგიდით შეიქმნა და აღნიშნული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიებაზე მუშაობს.

ბავშვობაში ზაფხულის არდადეგებს ბებიასთან ვატარებდი, მაგრამ ომმა ერთმანეთს სამუდამოდ დაგვაშორა. როდესაც შევიტყვე, რომ მისი ნეშტი იპოვეს და ამოიცნეს, გული მადლიერების გრძნობით ამევსო გამყოფი ხაზის მიღმა მცხოვრები უცნობი ადამიანების მიმართ, რომლებმაც გარდაცვლილ ბებიას სათანადო პატივი მიაგეს“, – აცხადებს 44 წლის მამაკაცი, რომლის ოჯახიც კონფლიქტის შედეგად დაზარალდა.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა ჯგუფური და ინდივიდუალური შეხვედრები გამართა ოჯახების წარმომადგენლებთან, განუმარტა ამოცნობის პროცესის ეტაპები და უპასუხა მათ შეკითხვებს. ოჯახებს, ასევე, გაეწიათ ფსიქოლოგიური დახმარება ახლობლების გაუჩინარებით გამოწვეულ მძიმე ემოციურ მდგომარეობასთან გასამკლავებლად.

ჩვენთვის, როგორც ორგანიზაციისთვის, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი მუშაობის კონკრეტულ შედეგს, იმ ფაქტს, რომ ოჯახები იღებენ პასუხს უგზო-უკვლოდ დაკარგული ახლობლების შესახებ. ჩვენმა მცდელობებმა შედეგი გამოიღოდასრულდა გაურკვევლობის ათწლეულები 23 ქართველი, აფხაზი და ოსი გაუჩინარებული ადამიანის ოჯახისთვის, - აღნიშნა წჯსკ-ს ოპერატიული საქმიანობის კოორდინატორმა ევრაზიის რეგიონში ნიკოლა ფლორიმ.

ნეშტების გადაცემა და დაკრძალვის ცერემონიალი უახლოეს დღეებში გაიმართება.

1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტებთან დაკავშირებით 2300-მდე პირი (როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო) კვლავ დაკარგულად ითვლება.

2013 წლიდან დღემდე 500-მდე ადამიანის ნეშტი იქნა მოძიებული, 200 მათგანი ამოცნობილია და ოჯახებს გადაეცა.