აქტუალური
ლიეტუვა ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საკითხში საქართველოს გვერდით დგას

 საქართველო, 8 მარტი, საქინფორმი. საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით ძალიან დიდი მიღწევები აქვს, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც დალია გრიბაუსკაიტემ აღნიშნა, ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს სურვილს ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე.

საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით ძალიან დიდი მიღწევები აქვსევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, უვიზო მიმოსვლაეს საქართველოს მიღწევებია, თუმცა დემოკრატიული რეფორმების მიმდინარეობა და მათი განხორციელების ხარისხი ძალიან მნიშვნელოვანია: საქართველომ უნდა განაგრძოს სვლა სასამართლო სისტემის რეფორმების მიმართულებით და თანმიმდევრულად მიჰყვეს ანტიკორუფციულ გზას“, – განაცხადა გრიბაუსკაიტემ.

ლიეტუვის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შეუქცევადობის მნიშვნელობას.

მისი განცხადებით, საქართველოს მონაწილეობა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში და გლობალური უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით ძალიან მაღალ დონეზეა შეფასებული და საქართველოს პატივს სცემენ ამ თანამშრომლობისათვის.

დალია გრბაუსკაიტეს განცხადებით, როცა საქართველო მზად იქნება, ნატოს კარიც გაიღება. დემოკრატიის ხარისხის მოთხოვნა ძალიან მნიშვნელოვანი მოთხოვნაა, საქართველო საშინაო დავალების შესრულებას მიჰყვება და ამ გზაზე ლიეტუვა მუდმივად დაეხმარება მას. ლიეტუვა საქართველოს გვერდით დგას ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საკითხში.