საქინფორმი საქართველოსა და ქართული კულტურის პრობლემებზე ცნობილ ქართველ პოეტს, გალაკტიონ ტაბიძის, ვაჟა–ფშაველას, შოთა რუსთაველისა და დავით აღმაშენებლის პრემიების ლაურეატს, ალბერტ შვაიცერის პრემიის მფლობელს, საფრანგეთის შევალიეს ორდენის კავალერს, თბილისის საპატიო მოქალაქეს, ბატონ რეზო ამაშუკელს ესაუბრა.
– როგორ შეაფასებდით საქართველოს დღევანდელ მდგომარეობას?– მე ერთი წინადადებით შემიძლია გითხრათ, როგორ რადიკალურადაც უნდა მოგეჩვენოთ. ამას პირდაპირ ვაცხადებ, რომ დღეს საქართველო არ არსებობს! ეს არის, უბრალოდ, გეოგრაფიული ტერიტორია, რომელსაც საქართველო ჰქვია. ერს, რომელსაც თავმოყვარეობა არ გააჩნია, ის არც ერია და არც ხალხი. ისე დავბერდი, რომ ნახევარი ცხოვრება სუფრასთან მაქვს გატარებული, მაგრამ 15 წელია, საქართველოს სადღეგრძელო არ მითქვამს, რადგან ცუდი მოსასმენია, რომ იქ ხარ, ქართველი, და ამ დროს სამშობლო არ გაგაჩნია; ის, რაც მენტალურად იყო ამ ქვეყნის დასაყრდნობი, რასაც ასე ებრძვიან ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები, და ესენი მოეთრნენ იმისთვის, რომ მოსპონ მართლმადიდებლობა, რადგან ქართველი კაცი ამის გარეშე ბუტაფორიაა. დედამიწა ვეღარ უძლებს ამდენს, პლანეტა იწვის. მე პარიზში ჩემს საღამოზე ვთქვი, რომ არ მინდა, ეს დედამიწა დაემსგავსოს მზის გარშემო მბრუნავ სასაფლაოს, რომელსაც დააქვს გენიოსების საფლავები.
– რატომ ებრძვიან საქართველოს ასე თავგამოდებით?
– კათოლიკური ეკლესია, როგორც უნდა შემომედაონ, უკვე სიბინძურეში იხრჩობა. ადამიანს რომ შეგიძლია იმავე სქესის ადამიანი შეირთო ცოლად ან სახლში გყავდეს ცხოველი და ამბობდე, რომ ის შენი მეორე ნახევარია, ან ბიძაშვილი შეირთო ცოლად, ცოდვის ბუდეა, აბა, რა არის? მათ უნდათ, ათქვიფონ ეს ერები. ჩვენი ქვეყანა არის კუნძული. დღეს აღარ არის ისე, მაგრამ ადრე უცხოელები ოცნებოდნენ ჩვენს ურთიერთობებზე, ჩვენს დედაშვილობაზე, ჩვენს ძმობაზე... მე ვებრძვი ღირებულებებს. არ აქვს მნიშვნელობა, სააკაშვილი იქნება პრეზიდენტი თუ მისი ბიცოლა. მთელი უბედურება ისაა, რომ ჩვენ ვკარგავთ ჩვენს მთავარ ღირებულებებს. ამ ყველაფერს სათავეში უდგას რამდენიმე კარდინალი – ბოკერია, გაცვეთილი უგულავა, „კმარას“ ინსტრუქტორი რამიშვილი, დარჩიაშვილი და კრეტინი მიშა. მაგრამ ისინი არ წერენ ამ სცენარს, მათ უკვე გამზადებულ სცენარებს აწვდიან.
– და ვინ უწერს მათ ამ სცენარს, ბატონო რეზო?
– მე გამორჩეული ამერიკანისტი ვიყავი ყოველთვის, მიუხედავად დიდი კულტურული ურთიერთობებისა რუსეთში. არ ვტრაბახობ. თქვენ რომ რუსეთში ჩახვიდეთ, ყველა ცოცხალი პოეტი ჩემი მეგობარია, მაგრამ მთელი ცხოვრება ვიყურებოდი ამერიკისკენ, ის მეგონა თავისუფალი სამყარო. ბავშვობიდან ვუკრავდი კლასიკურ ამერიკულ ჯაზს, ბობ დილანი ჩემი პირადი სტუმარი იყო, მთელი ამერიკული ლიტერატურაც ზეპირად ვიცი, მაგრამ აღმოჩნდა, პირდაპირ ვაცხადებ, რომ ეს დამპლები არიან ისეთივე ფასადურები, როგორც მიშა ღებავს აქ სახლებს. მე ვერავინ მეტყვის, რომ ისინი დემოკრატები არიან. ისინი მართავენ ამ ყველაფერს. წავიდნენ, დაანებონ ჩემს პატარა ქვეყანას თავი! ამათ გათვლილი აქვთ ყველაფერი – საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა აწყობთ მათ. ერთ ოთახში იწერება ეს ყველაფერი. სააკაშვილი ხელს უწყობს, რომ საქართველოში არ იყვნენ განათლებული ადამიანები. მას უნდა, რომ ქართველები იყვნენ ან მიმტანები, ან დამლაგებლები და სხვა ასეთი დონის მოხელეები.
– ბატონო რეზო, რა აზრის ხართ მესტიის განახლებაზე?
– სვანები უთავმოყვარეო აღმოჩნდნენ. მათ ძალიან დიდ პატივს ვცემდი, რადგან საქართველოს არაერთი მენტალური ტრადიცია, ქართული კულტურა შემოუნახეს, მაგრამ მივხვდი, რომ ისინი უთავმოყვარეოები არიან და თუ ვინმეს ამ ჩემს სიტყვებზე პრეტენზია ექნება, მოვიდეს და ამას დავუმტკიცებ. ეს ყველაფერი მოსპო მიშამ და ჩაიყვანა იქ ის უსაქციელო უკრაინელები.
– თქვენი შეხედულება ოპოზიციაზე...
– არ მჯერა ამ ოპოზიციის. არცერთი ოპოზიციური ძალა არაა ობიექტური, გაყიდულია ყველა. გამოვლენ და იძახიან, რომ ხალხი არ მოვიდა. რაღა არ მოვიდა? 200 000 ადამიანი იდგა იქ. თვითონ ამ ოპოზიციამ მოიყვანა ეს გიჟი, ახლა რომ პრუწავს ეს ბურჯანაძე თვალებს. ვინც ახლა გვყავს სათავეში, ეს არის ტანსაცმლიანი სულელი. როცა მას მე პირველად თვალებში ჩავხედე, მაშინვე მივხვდი, რომ გიჟია. ფსიქიკურად არ არის ნორმალური. ამის მიხვედრას არ სჭირდება რაიმე სამედიცინო განათლება. როცა ნახავ, როგორ იცინის ან როგორ ჭამს, უკვე ყველაფერი ნათელია. მაგისი ჭამა გულისამრევი სანახაობაა. ის არის აბსოლუტურად შეურაცხადი. ჯერ, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ვიზუალურად ესენი ყველანი მახინჯები არიან. ეს ის არ არის, რომ ისინი, უბრალოდ, ლამაზები არ არიან. ექიმი ამას ჩემზე კარგად ახსნის. მაგრამ მე ვიცი, რომ ვიზუალური მხარე ძალიან ბევრს ნიშნავს. რატომ უნდა იყოს შაშკინი საქართველოს განათლების მინისტრი? მან ქართული არ იცის. ის, რომ ქართულად საუბრობს, არ ნიშნავს, რომ მან ქართული იცის. „ივერიის“ წინ გიდებმაც იცოდნენ ბევრი ენა, მაგრამ პრეზიდენტები კი არ იყვნენ...
– კულტურის რომელიმე დარგს თუ აქვს მთავრობის მხრიდან მხარდაჭერა?
– რომელ მხარდაჭერაზეა საუბარი? ესენი აყალიბებენ უგემოვნო მუსიკას. მათ ამ ყველაფერში ტელევიზიები ეხმარებიან. რის პროპაგანდაა „თბილისი ლაივი“? რას აჩვენებენ?.. ამდენ ფულს რომ ხარჯავენ ნებისმიერ ამ შოუში და ხალხი შიმშილით კვდება, გადაიღონ, როგორ ეხმარებიან ამ ადამიანებს. ნაკლები შოუ გამოუვათ? მაგრამ მერე ვინ მოივლის მსოფლიოს?
ბევრ ქართველ ჟურნალისტს ორიგინალში არ აქვს წაკითხული ბევრი ნაწარმოები. უკაცრავად გამოთქმისთვის, მაგრამ უმრავლესობა ცალ-ცალი კალოშითაა ჩამოთრეული. ამათ შემხედვარეს ქალიც აღარ მოგინდება. ნუთუ არ ჰყავთ ერთი ნორმალური მამრი ამდენ ატეხილ ატრუებულ ქართველ გოგოს, რომ როგორმე ვნება ჩაუცხროს?
მე მინდა, რომ ეს აუცილებლად დაწეროთ. მსოფლიო მასხარის დონეზე ჰყავთ გამოყვანილი ეს ეთერ კაკულია.
– თუ ხედავთ რაიმე გამოსავალს?
– ვერა, ნამდვილად ვერ ვხედავ გამოსავალს. უბრლოდ, ერთია, რომ ახალგაზრდებმა უნდა მოიკრიბონ უკანასკნელი ძალები, მაგრამ ესენი ახალგაზრდებს ბუჩქებში სირბილისკენ მოუწოდებენ და სწორედ აქედან გამომდინარე არ არის არანაირი გამოსავალი. ხვალინდელი დღე არ გვაქვს ქართველებს. ხვალ ქართველები იქნებიან ან გეები, ან ლესბოსელები.
– როგორ შეაფასებთ რუსეთ–საქართველოს დღევანდელ ურთიერთობას?
– როცა კრეტინი ნუგზარ წიკლაური იდეოლოგი გახდება და თავს ინტელიგენტად წარმომიდგენს, მაშინ იმ ქვეყნის საქმე წასულია. კი, ბატონო, ებრძოლე ლენინს, მაგრამ პუშკინი და დოსტოევსკი უნდა გადავხაზოთ? როგორ შეიძლება ამხელა ქვეყანას ომი გამოუცხადო, როცა შენ უკვე ერი აღარ ხარ?
ეს აგვისტოს ომი, პირდაპირ ვამბობ, არის სააკაშვილის დაწყებული და ვისაც უნდა, შემომედაოს და დავუმტკიცებ, რომ ეს ასეა. რატომ არ აპიარებენ იმ სურათს, ცხვირით ასფალტი რომ ახნევინეს ამათ გმირ პრეზიდენტს? ეს არის კურდღელი, რომელსაც ზურგი აქვს.
– ბატონო რეზო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა გამოაქვეყნა განცხადება რუსეთ–საქართველოს ურთიერთობის შესახებ, სადაც იგი ორივე მხარეს მოუწოდებდა დიალოგისკენ. თქვენ როგორ შეაფასებთ ამ განცხადებას?
– პატრიარქი ცდილობს, როგორმე ეს ქვეყანა გადაარჩინოს, რადგან რუსეთის გარეშე, ანუ თუ ურთიერთობა არ დალაგდა რუსეთთან, ჩვენ, ანუ საქართველოს, ძალიან გაგვიჭირდება. იყო დრო, როდესაც რუსებმა ჩვენ განადგურებას ფიზიკურად გადაგვარჩინეს. პატრიარქი ერთადერთი ადამიანია, რომელიც მართლა ზრუნავს ჩვენს ქვეყანაზე. ის რომ არა, კაცმა არ იცის, რა დატრიალდებოდა საქართველოში.
– თქვენ ყოველთვის ხმამაღლა გამოთქვამთ თქვენს აზრს, ჩვენი ხელისუფლების აზრისგან მკვეთრად განსხვავებულს. თუ ყოფილა მათი მხრიდან რაიმე სახის მუქარა?
– მუქარა – რამდენიც გინდათ. ისინი არც პროვოკაციას ერიდებიან. სამჯერ მომიგზავნეს სახლში პროვოკატორი. მირჩევდნენ, წყნარად ვყოფილიყავი და მატერიალურად კარგად ვიქნებოდი. იყო სატელეფონო მუქარებიც. მე სიკვდილის არ მეშინია. უბრალოდ, მეცოდებიან ჩემი ოჯახის წევრები. მაგრამ მე იმ ხელოვანებივით პირში წყალს ვერ ჩავიგუბებ და ვერ დაველოდები, როდის გადმომიგდებს მიშა ერთ ინდაურს.
იმ დღეს ერთი ფრაზა მოვისმინე და შემშურდა, რომ ეს ლიბიელმა დაწერა და ქართველმა – ვერა. სწორედ ეს სიტყვებია ჩემი მესიჯი ქართველი ხალხის მიმართ: მე მძულს სააკაშვილი, იმიტომ, რომ მიყვარს საქართველო! ამაში დიდი რამეა ჩადებული და არ არის უბრალო სიტყვათა თამაში. ასე რომ, ნუ მემუქრებიან და ნუ მისმენენ, იმიტომ, რომ მე ჩუმად არაფერს ვაკეთებ!
– დაბოლოს, ბატონო რეზო, რას უსურვებთ საინფორმაციო–ანალიტიკურ სააგენტო „საქინფორმს“?
– პირველ რიგში, ვუსურვებ პროფესიონალიზმს, ქართული საქმეების კეთებას, მიუკერძოებლობას და იმას, რაც ყველაზე ძნელია – ცდუნების წინაშე მყარად დგომას, იმიტომ, რომ როდესაც ადამიანი ერთხელ მაინც შეცდება, იქ უკვე დამთავრებულია.