რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: საქართველო-რუსეთის დღევანდელი ურთიერთობის ფენომენი ჯანსაღი ლოგიკის თვალსაზრისით აუხსნელია

   „დღეს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს შეუძლია რიგი ქმედებების განხორციელება იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული საქართველოს დაქანება სამხედრო და ეკონომიკური კატასტროფისაკენ

     2019 წლის 27 თებერვალს პრაღაში ჩატარდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის საგანგებო წარმომადგენელთან რფ-სთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძესთან. თბილისსა და მოსკოვში პრაღის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის კონტექსტის, კერძოდ, სხვადასხვა მედიასაშუალებისთვის კარასინის მიერ მიცემული ინტერვიუების კითხვათსხვაობასთან დაკავშირებით საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა News Front-სათვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში კომენტარი გაუკეთა ამ მოლაპარაკებების შედეგებს.

- ბატონო არნო, როგორც ცნობილია, თბილისში კარასინის რეპლიკა საქართველოსთვის „შესაძლებელი უსიამოვნო მოულოდნელობების“ შესახებ შეაფასეს, როგორც მუქარა რუსეთის მხრიდან.

- კარასინმა ჟურნალისტს უთხრა, რომ “აპირებს, ამ შესაძლებელი მოულოდნელობების შესახებ ქართველი კოლეგები გააფრთხილოს” და რომ “ისინი ორივე მხარისათვის უსიამოვნო იქნება” - როგორც თბილისის, ისე მოსკოვისთვის, რომელიც იძულებული იქნება, გარკვეული ქმედებები განახორციელოს მიუხედავად იმისა, რომ “საქართველო რუსეთისთვის ახლო ქვეყანაა”.

- კონკრეტულად რომელ ქმედებებს გულისხმობდა კარასინი?

- კარასინის ქართველი კოლეგა აბაშიძეა, მას ჰკითხეთ. თუმცა, არა მგონია, მან ეს კონფიდენციალური ინფორმაცია გაგიზიაროთ. სხვათა შორის, მეორე ინტერვიუში კარასინმა განაცხადა, რომ “შესაძლებელი უსიამოვნო მოულოდნელობები საქართველოსთვის მაინც არ მოხდება”. მაგრამ, როგორც ყოველთვის, ქართული მედიასაშუალებები ვერ ამჩნევენ ნებისმიერ პოზიტივს საქართველოსა და რუსეთს შორის - ჩრდილოელ მეზობელთან მიმართებაში ჩვენთან მხოლოდ ნეგატივი იყიდება...

- ვის აცნობებს აბაშიძე ამ კონფიდენციალურ ინფორმაციას? პრეზიდენტს, პარლამენტს, მთავრობას?

- ანუ პირდაპირ აშშ-ის საელჩოს? გამიჭირდება პასუხი, აი, ბიძინა ივანიშვილს კი ნამდვილად აცნობებს. თუმცა, რუსეთის ახალ ტაქტიკას თუ გავითვალისწინებთ, რომელიც პრევენციული მიზნით თავისი ახალი სტრატეგიული შეიარაღების დემონსტრირებას ახდენს, მათ შორის ისეთისას, რომელიც დასრულების სტადიაშია და ჯარისთვის ჯერ არ მიუწოდებიათ, აბაშიძე რუსეთის „საშინაო ნამზადების“ შესახებ იმათაც შეატყობინებს, ვისი მკვეთრი ანტირუსული განცხადებები, როგორც ხაზგასმით აღნიშნა კარასინმა, მოსკოვს „ეჩოთირება“ - პრეზიდენტ ზურაბიშვილს, პრემიერ ბახტაძეს და საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკალიანს.

- რასთან დაკავშირებით შეიძლება საქართველოს „მოულოდნელი უსიამოვნებები“ ემუქრებოდეს რუსეთის მხრიდან - ნატოსკენ სწრაფვის გამო თუ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გავლით სატრანსპორტო დერეფნების გახსნისათვის წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში?

- პირველთან დაკავშირებით კარასინმა როგორც არასდროს გარკვევით თქვა, რომ საქართველომ უნდა აირჩიოს - ან ნატოს დღის წესრიგი, ან მშვიდობა სამხრეთ კავკასიაში. ანუ, რუსეთი გვაფრთხილებს - რაც უფრო მეტი ნატო იქნება საქართველოში, მით უფრო ნაკლები მშვიდობა იქნება სამხრეთ კავკასიაში!

რაც შეეხება შეთანხმებას მონიტორინგის შესახებ, რომლის ამოქმედება ახლო მომავალში, არა მგონია, მოხერხდეს, პირიქით - კარასინმა აღიარა, რომ აქ დაბრკოლებას წარმოადგენს „გარკვეული პოლიტიკური ემოციები რუსეთის პარტნიორების მხრიდან სტატუსურობასთან დაკავშირებით“ - ანუ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებების ამბიციები, რომლებიც ტვირთების გატარებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდებიან, თუ შეთანხმებაში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც საქართველოს მიერ აღიარებული დამოუკიდებელი სახელმწიფოები.

- ხოდა, რა დროს არჩევანია?! აბაშიძემ გარკვევით განაცხადა, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ორიენტაცია სუვერენული სახელმწიფოს არჩევანია და მოსკოვისა და თბილისის პოზიციები ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემასთან დაკავშირებით დიამეტრალურად საწინააღმდეგოა! განა აქ დარჩა რაიმე სივრცე პოლიტიკური მანევრისთვის?

- ჯერ ერთი, დღეს საქართველო სუვერენული სახელმწიფო არ არის. საქართველო სუვერენული სახელმწიფო მხოლოდ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ერთად იქნება! სხვათა შორის, კარასინმა დადებითად შეაფასა პრაღის შეხვედრა არა მხოლოდ სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში საქართველოს და რუსეთის შთამბეჭდავი მიღწევების გამო, არამედ იმიტომაც, ქართულმა მხარემ მკაფიოდ და გულახდილად დაიწყო თავისი პოზიციის დაფიქსირება, თუნდაც ის რუსეთისთვის მიუღებელი იყოს.

რაც შეეხება თქვენს შეკითხვას - არის თუ არა ეს ჩიხი, თუ არსებობს რაღაც პერსპექტივა („სივრცე მანევრისთვის“, როგორც თქვენ უწოდეთ). შევნიშნავ, რომ საქართველო-რუსეთის დღევანდელი ურთიერთობის ფენომენი საღი ლოგიკის თვალსაზრისით ახსნას არ ექვემდებარება! ინებეთ: კარასინმა ჩამოთვალა რიგი ციფრები, რომლებიც მოწმობს საქართველოს უპრეცედენტო წარმატებებს რუსეთთან ვაჭრობის, ტრანსპორტის და ტურიზმის სფეროში, რაც ერთობლიობაში მას სტრატეგიულ ეკონომიკურ პარტნიორად აქცევს. ამასთან, პარალელურ რეჟიმში საქართველოს ხელისუფლებმა უკვე დიდი ხანია, ანტირუსული რიტორიკით სააკაშვილს გადააჭარბეს, ნატოს წვრთნების მასშტაბი იზრდება, საქართველო რუსეთის შესაკავებლად „შავი ზღვის რეგიონული უსაფრთხოების“ ამერიკული სტრატეგიის ლიდერად გადააქციეს. სად არის ლოგიკა?!

აშშ-ს სურს, რუსეთი ეკონომიკური სანქციებით დაახრჩოს - თანმიმდევრული თუ იქნება, საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან ეკონომიკურ ერთიერთობას კი არ უნდა ზრდიდეს, არამედ თავისი №1 სტრატეგიული პარტნიორის ამ სანქციებს უნდა შეუერთდეს ერთგულების სადემონსტრაციოდ! ახლა კი რა გამოდის - ერთი ხელით ვვაჭრობთ, მეორით - ვომობთ?!

- „ისტორია გვაჩვენებს, რომ ორ დაფაზე ერთდროულად თამაშის მცდელობას გაუგებრობა და უარყოფითი შედეგები მოჰყვება“ - განაცხადა კარასინმა „Ъ“-სთან ინტერვიუში. თქვენი აზრით, როგორი შეიძლება იყოს ნეგატიური შედეგები?

- გგონიათ, საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერი ან საგარეო საქმეთა მინისტრი ურყევი რუსოფობები არიან და თვითონ სჯერათ ის, რასაც აკეთებენ და ამბობენ? არა, ისინი, უბრალოდ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის „პროკრუსტეს სარეცელზე“ იმყოფებიან და ვაშინგტონის მკაცრი ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებენ! სწორედ იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილს არ სურდა, „ჩარჩო“ პრემიერი ყოფილიყო, მან სულ რაღაც ერთ წელიწადში ნებაყოფლობით დატოვა თანამდებობა! მილიარდერი მეტისმეტად „ძნელად მოსანელებელი“ ფიგურა აღმოჩნდა რიგითი ამერიკული მარიონეტობისთვის, როგორიც უნდა იყოს საქართველოს ნებისმიერი პრემიერ-მინისტრი! დღეს მხოლოდ მმართველი პარტიის თავმჯდომარე ივანიშვილია ერთადერთი გარანტია, რომ საქართველოს ვერ ჩაითრევენ რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო პროვოკაციაში, როგორც ეს სააკაშვილმა გააკეთა და რასაც ჩვენთვის საბედისწერო შედეგები ექნება. ბევრად უარესი, ვიდრე 2008 წელს…

- ესე იგი, საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერს ან საგარეო საქმეთა მინისტრს ახალი აგვისტოს ომი სურთ?

- რა თქმა უნდა, არა! მათი განცხადების მიზანია რუსეთის პროვოცირება საქართველოს ტერიტორიაზე საომარ მოქმედებებზე, რათა აშშ-მა მაღალი სიზუსტის იარაღით დარტყმა მიაყენოს რუსეთის ჯარებს, ბაზებს, აეროდრომებს და გამშვებ სარაკეტო დანადგარებს საქართველოს ტერიტორიაზე, რუსეთის სამხედრო ფლოტის ხომალდებს შავ ზღვაზე, ქართულ ტერიტორიულ წყლებში. ივანიშვილის გარეშე საქართველოში უკრაინის სცენარი გამეორდება და კარასინმა პრაღაში შემთხვევით როდი გაუსვა ხაზი, რომ ეს „საკითხის ერთი და იგივე დაყენებაა“.

აი, კატასტროფაა, რომელზეც ვლაპარაკობ! საქართველოს გასაცემი აღარაფერი აქვს, მან დაკარგული უნდა დაიბრუნოს!

- თქვენი აზრით, როგორ უნდა დაიბრუნოს?

- ამის შესახებ 15 წელია, ვლაპარაკობ და ვწერ, ოღონდ წლებთან ერთად ამოცანა რთულდება და, შესაბამისად, იცვლება მისი გადაწყვეტის ხერხები. დღეს საქართველოში არ არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც მიახლოებით მაინც ფლობენ ივანიშვილის რესურსს, რათა დაიწყონ პროცესი, რომელშიც ბელორუსიის პრეზიდენტი მზად არის, იშუამავლოს და ამ წინადადების ხელიდან გაშვება ჩვენი მხრიდან არასწორი იქნება.

- „ბელარუსს საქართველოსთან არანაირი პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემები არა აქვს და ჩვენ მზად ვართ, გამოვიყენოთ ჩვენი კარგი ურთიერთობა საქართველოსა და რუსეთს შორის კარგი, კეთილი ურთიერთობის ჩამოყალიბებისთვის, რასაც, სხვათა შორის, ვაკეთებთ კიდეც“, - განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ მინსკში გამართულ შეხვედრაზე. კონკრეტულად რა უნდა გააკეთოს ამისთვის ივანიშვილმა?

- როცა 2012 წელს საქართველოს ხელისუფლების სათავეში ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია „ქართული ოცნება“ მოვიდა, ქართველმა პოლიტიკოსმა, პოლიტოლოგმა ალექსანდრე ჭაჭიამ კეთილი რჩევა მისცა - საქართველოს ერთი ხელმძღვანელისთვის მაინც, მაგალითად - პრეზიდენტისთავის, დაევალებინა რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება, იმიტომ რომ ევროკავშირთან, აშშ-სთან და ნატოსთან ურთიერთობის განვითარებაზე ისედაც ბევრი აგებს პასუხს. თვითონ განსაჯეთ - პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, თავდაცვის, საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა მინისტრები, სახელმწიფო მინისტრი შერიგების საკითხებში, საერთაშორისო ურთიერთობის და თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები - ყველა ევროატლანტიკური აქტიურობით არის დაკავებული!

- ხო და, ივანიშვილმა რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების საკითხებში სპეცწარმომადგენლის თანამდებობა შექმნა და მასზე ზურაბ აბაშიძე დანიშნა!

- ჯერ ერთი, სიტყვა „დარეგულირება“ ამ თანამდებობის დასახელებიდან მაშინვე მოაშორეს, როგორც კი ივანიშვილი პრემიერობიდან გადადგა (დღეს არის უბრალოდ „რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში“). მეორეც ერთი - ეს აშკარად არ არის საკმარისი, რაც თავად აბაშიძემაც აღიარა, რომელმაც პრაღაში განაცხადა, რომ აუცილებელია იმ ქართველი ბიზნესმენების სულ უფრო მზარდი რიცხვის ინტერესების დაცვა, რომლებსაც რუსულ ბაზარზე შესვლა სურთ. ამავე დროს, აბაშიძე ჟურნალისტებს ყოველთვის პასუხობს, რომ არც პრაღის, არც ჟენევის ფორმატში ქართულ დელეგაციაში არ არიან უფლებამოსილი ფინანსისტები და ბიზნესმენები. კარგი, ჟენევის ფორმატი აფხაზებისა და ოსებისაგან ქართველების გამყოფ ხაზზე ინციდენტების გარჩევას არის მიძღვნილი, მაგრამ პრაღის ფორმატი ხომ ეკონომიკური პარტნიორობის განვითარებას ეძღვნება?! მაშ რატომ დააკისრეს ყველაფერი კარიერულ დიპლომატ აბაშიძეს?!

სწორედ დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობის პირობებში ივანიშვილს შეუძლია, შექმნას მრჩევლების მცირერიცხოვანი ჯგუფი, რომლებსაც იცნობენ და პატივს სცემენ რუსეთში მათი პროფესიონალიზმისა და ობიექტურობის გამო და აპრიორი მტრულად არ შეხვდებიან სოხუმსა და ცხინვალში. ივანიშვილმა უნდა დაპატიჟოს საქართველოსთვის თავდადებული პიროვნებები უნაკლო სამაგალითო ბეკგრაუნდით და ყოველ მათგანს დაავალოს რუსეთის მხარესთან გარკვეული ამოცანის გადაწყვეტა კონკრეტული თემატური მიმართულებების მიხედვით - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა იქნება ეს, თუ ორმხრივი უსაფრთხოების საკითხები და სავიზო რეჟიმი, ბიზნესის და სატრანსპორტო კავშირების განვითარება, თუ კულტურული კავშირები, მეცნიერება და სპორტი, მედია და საინფორმაცია პოლიტიკა და ა.ს. ფორმატის ირგვლივ (მოდით, მას არაფორმალური ვუწოდოთ) თანდათანობით შეიქმნება ურთიერთნდობის ატმოსფერო, დაახლოებით ერთ წელიწადში კი ამ ჯგუფის მუშაობის შედეგად დაგროვდება მასალა, რომლის საფუძველზეც შესაძლებელია აიგოს საქართველო-რუსეთის შემდგომი ურთიერთობის მოდელი, მოიძებნოს კომპრომისები და განხილული იქნე ალტერნატიული გადაწყვეტილებები,

მოსკოვსაც უღირს, ამაზე დაფიქრდეს, ხოლო საქართველოში ნაკლებად ცნობილი რუსული ფონდების „საქმიანობა“, რომლებიც ამ მხრივ არაინფორმირებულმა კარასინმა მოიხსენია, არის აბსოლუტური ბლეფი და პროვოკაცია, დროის და რუსი გადასახადის გადამხდელების სახსრების ფუჭად ფლანგვა!

მაია ჯავახიშვილი თბილისიდან - საგანგებოდ News Front-სათვის
2019 წლის 3 მარტი