პუბლიკაციები
"თუ ვინმე ამბობს, რომ არ ვიცი, რა წერია წერილშიო, იტყუება" - მეუფე იაკობის თქმით, დეკანოზ მამალაძის წერილი საპატრიარქოში ხმამაღლა წაიკითხეს

 საქართველო, 3 მარტი, საქინფორმი. დეკანოზ გიორგი მამალაძის სკანდალურ წერილს მეუფე იაკობი ვაშინგტონიდან ეხმაურება.

მეუფე სხვა სასულიერო პირებისგან განსხვავებულ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ დეკანოზის წერილი საპატრიარქოში ხმამაღლა წაიკითხეს.

დღემდე ცნობილი იყო, რომ ციხიდან გამოგზავნილი წერილი, მხოლოდ 4-მა მღვდელმთავარმა მიიღო და ღიად ვერცერთი ვერ ბედავდა ეთქვა, რა წერია გზავნილში. პატრიარქის ქორეპისკოპოსის ინტერვიუდან კი გაირკვა, რომ წერილი საპატრიარქოში ხმამაღლა წაიკითხეს.

„ეს ახალი წერილი კი არ არის. თუ ვინმე ამბობს, რომ არ ვიცი, რა წერია წერილშიო, იტყუება. არაფერი ისეთი არ წერია. როდესაც ერთ-ერთმა ეპისკოპოსმა წაგვიკითხა, იქვე დაიბადა აზრი, რომ ასეთი ადამიანი არ შეიძლება, სასულიერო პირი იყოსო. ერთია, რომ წერ, მახარებელი ხომ არ არის, რომ რასაც წერს, ყველაფერი დაუჯერო, ხომ უნდა დამტკიცო, რასაც წერ - შანტაჟი არის ჩვეულებრივი. თუ არ გამომიშვებენ, რაღაცები მაქვს და გამოვაქვეყნებ. გამოაქვეყნოს, რაც უნდა. უშუალოდ, კონკრეტული ფაქტები არ არის, ზოგადად ლაპარაკობს კორუფციაზე, ზოგადად ლაპარაკობს, ჭირვეულივით არის. თუ არ გამომიშვებთ, ამას ვიზამ, იმას ვიზამო. გააკეთოს, რაც უნდა,“ - ამბობს მეუფე იაკობი.

ირკვევა, რომ მამა გიორგი მამალაძის წერილი ერთ-ერთმა მღვდელმთავარმა საპატრიარქოში წაიკითხა, შემდეგ კი მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ამ წერილის შინაარსი პატრიარქსაც უნდა სცოდნოდა.

რა წერია პატიმარი მღვდლის წერილში, კორუფციის გარდა, მეუფე იაკობმა კამერის წინ დეტალები არ გაამხილა. მხოლოდ იმას ამბობს, რომ საუბარია კომპრომატებზე, რომელსაც მღვდელი სასულიერო პირებზე ფლობს.

„რომელ კომპრომატზეა საუბარი, შეშინებული კაცია ციხეში, სასულიერო პირი არ უნდა იხვეწებოდეს, ციხიდან გამიშვიო. ტყუილად რომ იყოს დაჭერილი, ხომ, ზოგიერთი სასულიერო პირი მაგას მოწამეს უწოდებს, ხოდა, თუ მოწამეა და აღმსარებელი, მაგის ჯვარს ტოვებს და გარბის იქიდან? თუ შენდობას ითხოვს, როგორც ითქვა, თავის წილ იმაზე, მაშინ ჩვენ გაგებით მოვეკიდებით ამას. თუ ასე ილაპარაკა მუქარით, გამოაქვეყნოს. ეგ გადასაწყვეტია პრეზიდენტის და თუ შეიწყალებს, არავის უფლება არა აქვს, მერე თქვას, რატომ შეიწყალაო. იმიტომ, რომ დისკრეცია იმის არის,“ - ამბობს მეუფე.

მეუფე იაკობთან სკანდალური ინტერვიუ კურიერმა ვაშინგტონში ჩაწერა. მეუფე იაკობი ამბობს, რომ ამერიკაში პატრიარქის დავალებით ჩავიდა, რადგან საპატრიარქოს უნივერსიტეტმა, რომელსაც ის ხელმძღვანელობს, ამერიკული სასწავლო პროგრამების დანერგოს და ამერიკული დიპლომების გაცემა შეძლოს.