პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

 საქართველო, 27 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს, 27 თებერვალს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი".

ზურაბიშვილის შეხვედრებზე ქვეყნის ოფიციალურ პირებთან ორმხრივი ურთიერთობების აქტუალურ საკითხებს განიხილავენ.

აზერბაიჯანში სტუმრობა სალომე ზურაბიშვილისთვის პირველი რეგიონული ვიზიტი იქნება პრეზიდენტის რანგში.

დიპლომატიური ურთიერთობა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის 1992 წლის 18 ნოემბერს დამყარდა. აზერბაიჯანს საქართველოში აქვს საელჩო, ხოლო საქართველოს - ბაქოში. ორივე ქვეყანა ევროპის საბჭოს, ეუთოს, სუამისა და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრია.