პუბლიკაციები
საქართველოს აქვს საზღვაო საზღვარი ევროკავშირთან! რუსეთმა ჩვენი პატივისცემა უნდა დაიწყოს! - სალომე ზურაბიშვილის სენსაციური განცხადებები

 საქართველო, 27 თებერვალი, საქინფორმი. რეალობა აჩვენებს, როგორი დამოუკიდებელი ვარ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია „ფრანს 24“-თან ინტერვიუში განაცხადა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუში აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილს მის პოლიტიკაზე არანაირი გავლენა არ აქვს.

მმართველმა პარტიამ გააკეთა არჩევანი, მხარი დაეჭირა ჩემთვის, როდესაც კამპანია უკვე მიმდინარეობდა და პრეზიდენტობის კანდიდატი ვიყავი. მე არ მქონია რაიმე წინასწარი კონსულტაციები ან წინასწარი შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, თუ რას გავაკეთებდი პრეზიდენტის თანამდებობაზე. ახლა ვარ ექვსი წლის ვადით არჩეული პრეზიდენტი. ეს არის საქართველოს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი მანდატი. მე არ ვიყრი კენჭს სხვა არჩევნებში, რაც სრულ დამოუკიდებლობას მაძლევს, რისი პირობაც მმართველმა პარტიამაც მომცა. მათ დამარწმუნეს, რომ მე სრულად დამოუკიდებელი ვიქნები. ჩვენ ვნახავთ, რეალობა აჩვენებს, რამდენად დამოუკიდებელი ვარ. ვფიქრობ, მე ამით ვარ ცნობილი საქართველში და საქართველოს ფარგლებს გარეთ“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

წამყვანმა სალომე ზურაბიშვილს არჩევნების წინ 600 000 მოქალაქისთვის ვალების ჩამოწერის პროგრამის შესახებაც დაუსვა შეკითხვა, რასთან დაკავშირებითაც მმართველი ძალის მიმართ ბრალდებები ისმოდა.

ამ ბრალდებებს არ ჰქონია გავლენა არჩევნების ზოგად შეფასებაზე. ეს გადაწყვეტილება არ იყო ახალი, რადგან ეს იყო გაწერილი ახალი პრემიერ-მინისტრის პროგრამაში და განხორციელდა არჩევნების შემდგომ, ფაქტობრივად, გასულ თვეს. შესაძლოა, ეს არ იყო შესაბამისი დრო, თუმცა ეს მე არანაირად არ მეხება, მე არ ვყოფილვარ ამ გადაწყვეტილების ნაწილი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ოკუპირებული ტერიტორიებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებაც ილაპარაკა.

ამ ომის უდიდესი ტრაგედია იყო ის ფაქტი, რომ ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთმა დამოუკიდებლად აღიარა. ეს არის საქართველოს ყოველდღიური ტრაგედია, საოკუპაციო ხაზზე პროვოკაციები ყოველდღიურად ხორციელდება, რუსი სამხედროები ამ ხაზის გადმოწევას ახორციელებენ“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

რაც შეეხება კონფლიქტის დარეგულირებას, სალომე ზურაბიშვილის თქმით, ეს დამოკიდებულია რუსეთზე.

თუ ისინი არ დაიწყებენ პატივისცემით, წინ გზა არ იქნება“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

ინტერვიუში ზურაბიშვილმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით ოპტიმისტურად არის განწყობილი. მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, რომ გეოგრაფიულად საქართველოს ევროკავშირთან სახმელეთო საზღვარი არ გააჩნია.

ჩვენ გვაქვს საზღვაო საზღვარი. ვფიქრობ, ევროკავშირის შიგნით მოვლენები ძალიან სწრაფად იცვლება. ჩვენ ჯერ კიდევ ვართ ევროენთუზიასტი ქვეყნების მცირე რაოდენობას შორის, ასეთი სულ რამდენიმეა და ამიტომ ვფიქრობ, ჩვენ მნიშვნელოვანი ვართ ევროკავშირისთვის. მიმაჩნია, რომ იმ ცვლილებების პროცესში, რომელსაც ევროკავშირი განიცდის, შესაძლოა, საქართველოსთვის უფრო მეტი ადგილი მოიძებნოს, ვიდრე აქამდე, როდესაც ევროკავშირში ყველაფერი მკაფიოდ იყო“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

რაც შეეხება ნატოში გაწევრიანებას, სალომე ზურაბიშვილის თქმით, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაცია საქართველოს მეტ უსაფრთხოებას მისცემს.

საქინფორმი კომენტარს ვერ გაუკეთებს სალომე ზურაბიშვილის განცხადებას „ევროკავშირთან საზღვაო საზღვრის“ შესახებ, იმიტომ რომ საქართველო შავ ზღვაზე ევროკავშირის არცერთ ქვეყანას არ ესაზღვრება. რაც შეეხება „პატივისცემას“, ის, ალბათ, დიალოგისა და კომპრომისების შედეგად მოდის. დღეს არსებული პრაღის და ჟენევის ფორმატები ვერ ჩაითვლება სრულფასოვან დიალოგად სახელმწიფოებს შორის, რომლებსაც დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილი აქვთ, რის გარეშეც 2011 წლიდან რუსეთის ფედერაციის დამოკიდებულების განსაზღვრა საქართველოს ხელისუფლების მიმართ შეუძლებელია. არიან თუ არა საქართველოს ხელისუფლება და მისი ახალი პრეზიდენტი პრეზიდენტ სააკაშვილის ყოფილი ხელისუფლების პოლიტიკის მემკვიდრეები, თუ გადაჭრით ემიჯნებიან მას? - ამ საკითხში სიცხადის შეტანის გარეშე „გზა წინ“ მართლაც ვერ იქნება, ისევე, როგორც „ოკუპირებული ტერიტორიების“ პრობლემისადმი ახალი მიდგომის ერთობლივი შემუშავება.