აქტუალური
სასიკვდილო დარტყმა საპარლამენტო უმრავლესობისთვის - რუსლან პოღოსიანი მიდის! - პასუხობს „სომხეთის რადიო“

 საქართველო, 26 თებერვალი, საქინფორმი. „ჩემთვის ძალიან დასანანი და მტკივნეულია ჩვენი უმრავლესობის ამ ფორმით დაშლა, - განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, - იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ბოლო დანაკლისი ჩვენი გუნდისთვის. ერთობა ძნელად საშენებელია, ამიტომ მას ერთად უნდა მოვუფრთხილდეთ.

საქინფორმი დაწვრილებით აშუქებს საქართველოში საპარლამენტო უმრავლესობის, აგრეთვე მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დაშლის თემას. სააგენტოს მიერ გუშინ ჩამოთვლილი დეპუტატების გარდა, საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქცია „სოციალ-დემოკრატების“დატოვებას აპირებენ მირიან წიკლაური, კობა ნარჩემაშვილი, გია ჟორჟოლიანი და რუსლან პოღოსიანი. სწორედ ამ უკანასკნელის წასვლა გახდა საქართველოს იუსტიციის მინისტრისთვის ძალიან დასანანი და მტკივნეული“, ამიტომ წულუკიანი იმედოვნებს, რომ პოღოსიანი „იქნება ბოლო დანაკლისი მმართველი გუნდისთვის“.

ვინ არის იდუმალი რუსლან პოღოსიანი და რატომაა მისი წასვლა სასიკვდილო დარტყმა საპარლამენტო უმრავლესობისთვის? - აინტერესებს მკითხველს, რაზეც საქინფორმი „სომხეთის რადიოს“ სტილში პასუხობს: „იმიტომ, რომ მას არავინ იცნობს!“.

ბოლო ორი მოწვევის პარლამენტის წევრი რუსლან პოღოსიანი, რომელიც არასდროს არცერთ სესიაზე არ გამოსულა, მმართველი პარტიის სიით იქნა არჩეული (თანაც - პირველ ოცეულში!) „სომხური კვოტით“ - იმის დემონსტრაციისთვის, რომ საქართველოში მცხოვრები რამდენიმე ასეული ათასი სომეხი ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოშია წარმოდგენილი.

სად მიდის „ნაცმენი“ პოღოსიანი - ძნელი მისახვედრი არ არის, საპარლამენტო უმრავლესობის გადაფორმატების პროცესში ახალი ფრაქციები შეიქმნება და ისეთი „ბალასტი“, როგორიცაა პოღოსიანი, ყველგან საჭიროა!