საზოგადოება
აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხი ყოველთვის იყო ჩვენს ცნობიერებაში - შტაინმაიერი

 საქართველო, 22 თებერვალი, საქინფორმი. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტები ყოველთვის იყო ჩვენს ცნობიერებაში, სამწუხარო ის არის, რომ საერთაშორისო ფორმატები, რომლებიც კონფლიქტების განმუხტვისა და გრძელვადიან პერსპექტივაში გადაწყვეტისკენ იყო მოწოდებული, ვერ განვითარდა, – ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გერმანიის პრეზიდენტს ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებმა მიმართეს შეკითხვით – რამდენად აქტუალურია დღეს საერთაშორისო დღის წესრიგში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტები და უკრაინასთან შედარებით, ხომ არ არის საქართველოს საკითხი მივიწყებული.

თქვენ იკითხეთ, შეიძლება თუ არა, კონფლიქტი დავაბრუნოთ საზოგადოებრივ ცნობიერებაში. საზოგადოებრივი ცნობიერება დიდწილად არის დაკავშირებული პრესასთან. 2008 წელს კონფლიქტის დროს ეს ბევრად მრავლისმომცველი და ფართო იყო, ვიდრე დღეს არის. მათთვის, ვინც ევროკავშირში საერთაშორისო ურთიერთობების დაკომპლექტებით არიან დაკავებული, ეს კონფლიქტი ბოლო ორ წელიწადში ძალიან აქტუალური გახდა იმ თვალსაზრისით, თუ როგორ შეიძლებოდა შეფასებულიყო ის ხელშეკრულებები, რომლებიც რუსეთმა გააფორმა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან. ჩვენი პოზიცია იყო, რომ ეს შეთანხმებები იყო საერთაშორისო სამართლის დარღვევა. ამ თვალსაზრისით ეს კონფლიქტები ყოველთვის ჩვენს ცნობიერებაში იყო. სამწუხარო ის არის, რომ არსებული ფორმატები საერთაშორისო დონეზე, რომლებიც კონფლიქტების განმუხტვისა და გრძელვადიან პერსპექტივაში ამ კონფლიქტების გადაწყვეტისკენ იყო მოწოდებული, ვერ განვითარდა“, – განაცხადა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა.

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის შეხვედრა ბერლინში, ბელვიუს სასახლეში შედგა. შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.