სამართალი
ქობულეთში ორი პირი დააკავეს, რომლებმაც ბრაზილიიდან ამანათით ერთი კილოგრამი კოკაინი მიიღეს

 საქართველო, 22 თებერვალი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქობულეთში ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება კოკაინი ამოიღო, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

სამართალდამცველებმა 1978 წელს დაბადებული თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე.. და 1994 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე.. დააკავეს, რომლებსაც დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ედებათ ბრალი. დანაშაული რვიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციამ თურქეთის მოქალაქის პირადი ჩხრეკისას დაახლოებით ერთი კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება კოკაინი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული ნარკოტიკი ბრაზილიიდან .- სახელზე ამანათით გამოიგზავნა“, – აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.