პოლიტიკა
„ძალა ერთობაშია“ – რევოლუციის შიშით შეთავაზებული დიალოგი?!

bakradzრამდენიმე დღეა, ქვეყანაში რევოლუციის გარდაუვალობაზე ოპოზიცია აქტიურად ალაპარაკდა. განცხადებები იმის შესახებ, რომ სოციალური პრობლემების გამო ხალხის პროტესტი გაიზრდება და მორიგი რევოლუცია მწიფდება, რამდენიმე ოპოზიციონერმა ლიდერმა – ირაკლი ალასანიამ, ნინო ბურჯანაძემ, ლევან გაჩეჩილაძემ და კახა კუკავამ – გააკეთა. ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინათ ბუნტსა და არეულობაზე საუბარი როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან მხოლოდ ვარაუდის დონეზე მიდიოდა, ახლა კი მმართველი გუნდის ოპონენტები ამ ყველაფერში დარწმუნდნენ.

საქართველოში არაბული რევოლუციების შესაძლო განმეორების შესახებ ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე გამოეხმაურა, რომელმაც ოპოზიციას „ქვეყნის გარეთ მაგალითების ძებნის ნაცვლად, შიდა პრობლემებზე თანამშრომლობა“ შესთავაზა.

„2003 წელს ქართველმა ხალხმა მკაფიოდ გამოხატა ნება და სწორედ ამ დროს დაიწყო ის მტკივნეული, მაგრამ აუცილებელი რეფორმები, რომლებზეც დღეს აღმოსავლეთის ქვეყნებში საუბრობენ. უკეთესი იქნება, თუ ყველა ჩვენგანი მეტ აქცენტს არა ქვეყნის გარეთ მაგალითების ძებნაზე, არამედ ქვეყნის შიგნით კონკრეტული პრობლემების გადაწყვეტაზე გააკეთებს. ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ, მათ შორის არასაპარლამენტო ოპოზიციასთანაც, იმ პრობლემების გადაჭრაზე, რომლებიც მოსახლეობას აწუხებს“, – განუცხადა ჟურნალისტებს ბაქრაძემ.

ბაქრაძის განცხადებას ჯერ არ გამოხმაურებია არცერთი ოპოზიციური პარტია, თუმცა, როგორც ცნობილია, ე.წ. რადიკალები ხელისუფლებასთან დიალოგის კატეგორიული წინააღმდეგი არიან. მოვლენების რევოლუციური განვითარება რომ ქვეყნის განვითარებას აფერხებს და დემოკრატიული მიმართულებებიდან გადახვევას ნიშნავს, ეს ყველამ კარგად იცის და ალბათ აჯობებს კიდეც, მსგავსი მასობრივი სოციალური პრობლემები უმტკივნეულოდ გადაიჭრას, თუმცა რას გადაწყვეტს ოპოზიცია, შედგება თუ არა მასსა და ხელისუფლებას შორის მტკივნეულ საკითხებზე დიალოგი და რა გზები მოიძებნება ამ საკითხების გადასაჭრელად, ჯერჯერობით უცნობია.

პოლიტიკური შეხედულებებისა და ვარაუდების მიღმა კი დგას ხალხი, რომლის სოციალური მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება და ამ სიტუაციას ოპოზიციონერთა მოწოდებები კიდევ უფრო ამძიმებს. ისინი „მაზოლზე წიხლის დაჭერის“ პოლიტიკას ატარებენ, რეალურად კი საქმე არ კეთდება.