უცხოეთი
16-მა შტატმა საგანგებო მდგომარეობის შესახებ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა

 საქართველო, 20 თებერვალი, საქინფორმი. 16 შტატმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა. ამერიკული მედიის ინფორმაციით, შტატების ჯგუფმა კალიფორნიის გენერალური პროკურორის, ქსავიე ბასერას ხელმძღვანელობით, სარჩელი კალიფორნიის ჩრდილოეთ ოლქის ფედერალურ საოლქო სასამართლოში შეიტანა.

აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება შტატებმა ამერიკულ დღესასწაულს, პრეზიდენტების დღეს დაამთხვიეს.

„პრეზიდენტების დღეს ჩვენ სასამართლოში ვუჩივით პრეზიდენტ ტრამპს, რათა შევაჩეროთ მის მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენება“, – განაცხადა კალიფორნიის გენერალურმა პროკურორმა.

დონალდ ტრამპმა აშშ-ში საგანგებო მდგომარეობა 15 თებერვალს გამოაცხადა. საგანგებო მდგომარეობა მას საშუალებას მისცემს, მექსიკის საზღვარზე კედლის ასაშენებლად საჭირო თანხა კონგრესის თანხმობის გარეშე მიიღოს.

1tv.ge