საზოგადოება
2018 წელს საქართველოს 29 237 მოქალაქე სამშობლოში არ დაბრუნდა

 საქართველო, 19 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2018 წელს საზღვრის კვეთის ჯამური მონაცემები გამოაქვეყნა. სამინისტროს ინფორმაციით, გასულ წელს 29 237 მოქალაქე ქვეყანაში უკან აღარ დაბრუნდა.

2018 წელს საქართველოს მოქალაქების მიერ საზღვრის კვეთა 3 697 152-ჯერ დაფიქსირდა, უკან კვეთის რაოდენობა კი 3 667 915 იყო.

2017 წელს საქართველოს მოქალაქეების მიერ საზღვრის კვეთის რაოდენობა 3 850 617 იყო, უკან კვეთის რაოდენობა კი - 3 813 867. უკან არ დაბრუნდა 36 750

საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის განმავლობაში საქართველოში სხვადასხვა ქვეყანამ იძულებით 4 584 მოქალაქე დააბრუნა.

ყველაზე მეტი ქართველი თურქეთიდან, ისრაელიდან და გერმანიიდან გამოაძევეს. 209 ქართველს დაატოვებინეს რუსეთი, ამერიკის შეერთებული შტატებიდან კი საქართველოს 9 მოქალაქე გაგზავნეს უკან საქართველოში.

ქართული პასპორტის მქონე თითო-თითო ადამიანი გამოუშვეს კუბიდან, სლოვაკეთიდან, უნგრეთიდან და ყირგიზეთიდან.

შენგენის ქვეყნებში შესვლაზე უარი ეთქვა საქართველოს ასობით მოქალაქეს.

საქართველოს ყველაზე მეტ მოქალაქეს ქვეყანაში შესვლაზე უარი უთხრეს იტალიაში (341), გერმანიაში (271), პოლონეთში (186 ). საქართველოს ყველაზე მეტი მოქალაქე გერმანიას ეწვია, მეორე ადგილზე კი იტალიაა.

ტურისტები საქართველოში

სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოში 8 326 139 ტურისტი ჩავიდა. 24 საათზე მეტ ხანს კი საქართველოში 4 120 920 უცხოელი ვიზიტორი დარჩა.

საქართველოში შესვლაზე უარი ეთქვა:

ირანის 3224 მოქალაქეს

ინდოეთის 2254 მოქალაქეს

რუსეთის 944 მოქალაქეს

სირიის 765 მოქალაქეს

თურქეთის 744 მოქალაქეს

პაკისტანის 713 მოქალაქეს

აზერბაიჯანის 669 მოქალაქეს

იემენის რესპუბლიკის 642 მოქალაქეს

უზბეკეთის 641 მოქალაქეს

გერმანიის 10

დიდი ბრიტანეთის 8

აშშ-ის 8 მოქალაქეს

საქართველოს სავიზო რეჟიმის დარღვევა

საქართველოს სავიზო რეჟიმი ყველაზე მეტჯერ ირანის, ჩინეთისა და რუსეთის მოქალაქეებმა დაარღვიეს. ათეულში მოხვდნენ ინდოეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქეთის, ეგვიპტისა და ერაყის მოქალაქეებიც.

საქართველოს საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს 69-ჯერ, უკანონო კვეთის მცდელობის 35 შემთხვევა დაფიქსირდა.

საზღვრის კვეთის დროს 98 ძებნილი პირი დააკავეს.

ჯამში გასულ წელს საქართველოში შესვლაზე უარი ეთქვა 16 022 ადამიანს; 2017 წელს კი - 7870-ს.

2018 წელს საქართველოდან სხვადასხვა ქვეყნის 4 566 მოქალაქის დეპორტაცია მოხდა. 2017 წელს ეს მაჩვენებელი 4 148 იყო.