პოლიტიკა
საქართველო ყოველთვის არის რუსეთთან გამართული შეხვედრების დღის წესრიგში! - ნატოს გენერალური მდივანი

 საქართველო, 18 თებერვალი, საქინფორმი. უკრაინა და საქართველო ყოველთვის არის ჩვენს ყველა დღის წესრიგში და ყველა შეხვედრაზე, რომელსაც რუსულ მხარესთან ვმართავთ, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პირველი არხის კითხვის პასუხად განაცხადა.

პირველი არხის ჟურნალისტმა ალიანსის გენერალურ მდივანს ჰკითხა, აპირებს თუ არა, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრაზე სერგეი ლავროვს საქართველოსა და უკრაინის შესახებ ესაუბროს.

ჩვენ არ გვაქვს გაწერილი დღის წესრიგი, მაგრამ, რა თქმა უნდა, უკრაინა და საქართველო ყოველთვის არის ჩვენს ყველა დღის წესრიგში და ყველა შეხვედრაზე, რომელსაც რუსულ მხარესთან ვმართავთ. საქართველო და უკრაინა ის ორი ქვეყანაა, რომლებზეც სულ ვსაუბრობთ. პერიოდულად ჩვენ გვაქვს ნატო-რუსეთის საბჭო და ამ საკითხებზე ყოველთვის ვმსჯელობთ. ნატოში მტკიცედ გვჯერა რუსეთთან ორმაგი მიდგომის.

ჩვენ ვართ ერთიანი, ძლიერი და, ამასთან, რუსეთთან დიალოგი უნდა ვაწარმოოთ. რუსეთი ჩვენი მეზობელია და დარჩება მეზობლად. ვცდილობთ, უკეთესი ურთიერთობა გვქონდეს რუსეთთან. რუსეთთან არ გვაქვს კარგი ურთიერთობა, გვაქვს დაძაბული ურთიერთობა. ჩვენს საზღვრებთან რუსეთი უფრო მეტ წვრთნებს ატარებს.

ამასთან, გაზრდილია რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობა. თავიდან უნდა ავირიდოთ ინციდენტები და თუ მოხდება, მაშინ უნდა ვიცოდეთ, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და არ ქმნის მართლაც სახიფათო ვითარებას. ასე რომ, რუსეთთან დიალოგი მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით დაძაბული სიტუაციის დროს. ჩვენ ძალიან დიდ დახმარებას ვუწევთ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას. ეს ქვეყნები ნატოს პარტნიორები არიან. ჩვენ მათთან ვმუშაობთ, ვეხმარებით რეფორმების გატარებაში, მტკიცედ ვუჭერთ მხარს ამ ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ამ ქვეყნებს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას ვუცხადებთ და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.