აქტუალური
ენგურჰესი მუშაობის შეწყვეტის საფრთხის წინაშეა (პირველი არხი)

 საქართველო, 18 თებერვალი, საქინფორმი. ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგური მუშაობის გაჩერების საფრთხის წინაშე დგას. ენგურჰესის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ლევან მებონიამ პირველ არხთან განაცხადა, რომ ელექტროსადგურის წყალსაცავში წყლის დონე კრიტიკულ ზღვარზეა. მებონია ამ ფაქტს ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში ელექტროენერგიის გაზრდილ მოხმარებას უკავშირებს.

აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარების შეზღუდვასთან დაკავშირებით გარკვეული ზომები თუ არ გატარდა, 5 მარტისთვის წყალსაცავში წყალი აღარ გვექნება. აქედან გამომდინარე, აფხაზურმა მხარემ ელექტროენერგია ან რუსეთიდან უნდა შემოიტანოს, ან უნდა შეამციროს მოხმარება და გაუტოლოს რისი რესურსიც გვაქვს. რესურსი რომ ამოიწურება, ჰესი გაჩერდება. ამ დროისთვის ენგურჰესისა და ვარდნილჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია 100 პროცენტით აფხაზეთს მიეწოდება. აფხაზეთის მხარე აღნიშნულთან დაკავშირებით საქმის კურსშია და ველოდებით, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ალბათ, ორშაბათს გვეცოდინება, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ“, – განაცხადა ლევან მებონიამ.

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის ოფიციალური ინფორმაციით, 2019 წლის იანვარში ენგურჰესმა და ვარდნილჰესმა 265,056 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია გამოიმუშავეს, ამ პერიოდში ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონმა 254,333 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია გამოიყენა.