პუბლიკაციები
აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი: დასავლეთი არასდროს გატყდება, ჩვენი ღირებულებები გაიმარჯვებს!

 საქართველო, 18 თებერვალი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატები დღეს იმაზე ძლიერია, ვიდრე ოდესმე. იგი კვლავ მსოფლიოს ლიდერია, – ამის შესახებ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა მაიკ პენსმა განაცხადა.

სიტყვით გამოსვლისას პენსმა აშშ-ის შიდა მიღწევებზე ილაპარაკა და საერთაშორისო საკითხებს გამოეხმაურა, მათ შორის ნატოს გაძლიერებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის დახმარებით ალიანსის წევრებმა სამხედრო ხარჯები მნიშვნელოვნად გაზარდეს, თუმცა ისიც განაცხადა, რომ შტატები ნატოელი პარტნიორებისგან კიდევ უფრო მეტს ელოდება.

გამოსვლისას პენსი რუსეთის საკითხსა და კრემლის მიმართ ზეწოლასაც შეეხო. როგორც მან აღნიშნა, ტრამპის ადმინისტრაციამ, წინამორბედებისგან განსხვავებით, რუსეთის მიმართ ამ მხრივ ყველაზე მკაფიო ნაბიჯები გადადგა და მაგალითად სკრიპალების მოწამვლის შემდეგ ქვეყნიდან 60 რუსი დიპლომატის გაძევება დაასახელა.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ვენესუელაზეც ილაპარაკა.

ნიკოლას მადურო არის დიქტატორი, რომელსაც არ აქვს ძალაუფლებაზე ლეგიტიმური უფლება, ის უნდა წავიდეს“,- განაცხადა პენსმა და ხუან გუაიდოს ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა.

აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა კონფერენციაზე გამოსვლისას ჩინეთთან სავაჭრო საკითხებზეც გაამახვილა ყურადღება.

ამასთან, როგორც მაიკ პენსმა მიუნხენის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დასრულებისას განაცხადა, „დასავლეთი არასდროს გატყდება“.

დასავლეთი არასდროს გატყდება, ჩვენი ღირებულებები გაიმარჯვებს“, – აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

მიუნხენის კონფერენციაში ქართული დელეგაციაც მონაწილეობს. კონფერენციის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს ჯონ მაკკეინის სახელობის სადისერტაციო ნაშრომების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე შეხვდა.