საზოგადოება
საქართველოს იუსტიციის მინისტრი: მიწის რეგისტრაციის რეფორმის საშუალებით მოქალაქეებმა 33 მილიონი ლარი დაზოგეს

 საქართველო, 14 თებერვალი, საქინფორმი. მიწის რეგისტრაციის რეფორმის საშუალებით მოქალაქეებმა 33 მილიონი ლარი დაზოგეს, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მიწის რეგისტრაციის რეფორმის შუალედური შედეგების პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, რეფორმის განხორციელებიდან სამი წლის თავზე გამარტივებული პროცედურებით 600 ათასზე მეტმა ადამიანმა დაირეგისტრირა მიწა, რასაც ბიუროკრატიული ბარიერის გამო მანამდე ვერ ახერხებდა.

ეს ერთი ფანჯრის პრინციპით მოხდა, მათ 33 მილიონი ლარი დაზოგეს. ეს არის თანხა, რომელსაც მოქალაქეები სხვადასხვა ცნობების მოპოვებაში გადაიხდიდნენ, აღნიშნული რეფორმა რომ არ ყოფილიყო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკადასტრო ნახაზის სტანდარტი დაიხვეწა, სანოტარო მედიაცია განვითარდა, ფაქტების კონსტატაცია, როგორც ინსტრუმენტი, გამოყენებული იქნა, რათა მეზობლებს სასამართლოში არ ევლოთ თავიანთი საკუთრების საზღვრების დასადგენად და მიწის დასარეგისტრირებლად“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

მისი თქმით, აღნიშნული რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკის უფრო სწრაფად განვითარებისთვისაც და, შესაბამისად, მისასალმებელია მასში სხვადასხვა უწყების მაღალი ჩართულობა.

ჩვენი ქვეყნის საკადასტრო რუკა ვითარდება, რადგან იფარება დარეგისტრირებული ნაკვეთებით, მაგრამ კიდევ რჩება ბევრი ნაკვეთი დასარეგისტრირებელი. რთულია ზუსტი ოდენობის თქმა, რადგან ქვეყნის ერთი ნაწილი ოკუპირებულია და იქ ვერ აღვწერთ ჩვენ დასარეგისტრირებელ ნაკვეთებს, თუმცა რაც უკვე შეგვიძლია ვთქვათ, არის ის, რომ თუ დამოუკიდებლობის დღიდან 2016 წლამდე დარეგისტრირდა 1 200 000 ჰექტარი, ბოლო სამ წელში, აღნიშნული რეფორმის წყალობით, დარეგისტრირდა 300 ათას ჰექტარზე მეტი“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

მისივე თქმით, რეფორმა პირველ ივლისამდე გრძელდება, თუმცა მიწის დარეგისტრირება შემდეგშიც იქნება შესაძლებელი.

რეგისტრაცია კვლავ იქნება შესაძლებელი, მაგრამ შეიძლება, წესები არ იყოს ისეთი მარტივი, როგორც დღეს არის. ამიტომ ყველამ უნდა ისარგებლოს მაქსიმალურად სწრაფად ამ რეფორმით, რომ მარტივად დაირეგისტრირონ მიწა და პირველი ივლისიდან არ მოუწიოთ რთული წესებით რეგისტრაციის მცდელობა“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და მთავრობის წევრები ესწრებოდნენ. პრემიერი პრეზენტაციაზე სიტყვითაც გამოვიდა და რეფორმის შედეგებზე ილაპარაკა.