სამართალი
საფრთხის არარსებობის შემთხვევაში, თანამდებობის დატოვებიდან ერთი წლის შემდეგ პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს დაცვა მოეხსნებათ

 საქართველო, 13 თებერვალი, საქინფორმი. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის ანზორ ჩუბინიძის განცხადებით, ყოფილ პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს სახელმწიფო დაცვა ერთი წელი შეუნარჩუნდება. როგორც ჟურნალისტებს ჩუბინიძემ განუცხადა, ერთი წლის შემდეგ მარგველაშვილისთვის დაცვის შენარჩუნება საჭიროების მიხედვით მოხდება.

თუ იქნება საფრთხეები არა მხოლოდ სიცოცხლის, არამედ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, მას დაცვა აუცილებლად შეუნარჩუნდება. რაც შეეხება გიორგი კვირიკაშვილს, ამ შემთხვევაში ექვსი თვე უკვე გასულია. თუ ექვსი თვის შემდეგ ბატონი გიორგი რაიმე რისკთან დაკავშირებული არ იქნება, მას დაცვით უზრუნველყოფა შეუწყდება”, – განაცხადა ჩუბინიძემ.

ანზორ ჩუბინიძემ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ კანონში მომზადებული ცვლილებები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით წარადგინა. ცვლილებებით, პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ვადის გასვლიდან ან უფლებამოსილების შეწყვეტიდან ერთი წლის შემდეგ დაცვა აღარ ეყოლებათ, თუმცა დაცვა შეიძლება დაენიშნოთ მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაბამისი საფრთხის არსებობის საფუძველზე.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარეების დავით უსუფაშვილისა და დავით ბაქრაძის ავტომობილების ხარჯების დაფარვა საკანონმდებლო ორგანოს საკუთარი ბიუჯეტიდან მოუწევს.

როგორც ჟურნალისტებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა ანზორ ჩუბინიძემ განუცხადა, პარლამენტს განკარგულება ჰქონდა მიღებული, რომ ყოფილ სპიკერებს დაცვა და ავტომობილი 2020 წლამდე უნდა შეუნარჩუნდეთ, რაც „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ” კანონპროექტთან წინააღმდეგობაში მოდიოდა.

ამიტომ, გარდამავალი დებულებით 2020 წლამდე შევუნარჩუნებთ დაცვას, ავტომობილთან დაკავშირებულ ხარჯებს პარლამენტი გაიღებს, დაცვის ხარჯებს - სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური. 2020 წლიდან იგივე მიდგომა იქნება, როგორც არის პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის შემთხვევაში”, - განაცხადა ჩუბინიძემ.