აქტუალური
საქინფორმი: რატომ განაგრძობს საქართველოს ეროვნული ბანკი აშშ დოლარების შესყიდვას

 საქართველო, 12 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საშუალო შეწონილი გაცვლითი კურსი დღეისათვის შეადგენს 2,6461 ლარს 1 აშშ დოლარზე.

საქინფორმი აღნიშნავს, რომ 2019 წლის დასაწყისიდან ეროვნული ბანკის პოლიტიკის წყალობით დოლარის კურსს ქართული ეროვნული ვალუტის მიმართ მნიშვნელოვანი ცვლილება არ განუცდია. ამან შესაძლებლობა მისცა ეროვნულ ბანკს, თავისი სავალუტო რეზერვების შევსება გაეგრძელებინა, რაც გასული 2018 წლის ნოემბერში დაიწყო. ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები დღეს უფრო მეტია, ვიდრე ოდესმე ყოფილა, თუმცა, ეროვნულ ბანკს დოლარები რომ არ შეესყიდა და ამით მათი გარკვეული რაოდენობა მიმოქცევიდან არ ამოეღო, დოლარი ლარის ეკვივალენტში უფრო გაიაფდებოდა. მაგრამ სავალუტო რეზერვების შევსება ეროვნულ ბანკს საშუალებას მისცემს, აუცილებელ შემთხვევებში ინტერვენცია განახორციელოს - ანუ, დოლარის მკვეთრად გაძვირების შემთხვევაში ის სავალუტო ბირჟაზე გაყიდოს, მიმოქცევაში შეიტანოს და ამით ლარის მიმართ მისი ზრდა შეაჩეროს.

საქინფორმი შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გუშინ 20 მილიონი დოლარი შეისყიდა, 2019 წლის დასაწყისიდან კი - 120 მილიონი დოლარი. 2018 წლის შედეგების მიხედვით ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებმა 3 მილიარდ 290 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ისტორიულ მაქსიმუმს წარმოადგენს. 2018 წლის განმავლობაში რეზერვები 250,5 მილიონი დოლარით, ანუ 8,2%-ით გაიზარდა.