სამართალი
2018 წელს გამოძიებამ საქართველოს მასშტაბით ფარული საგამოძიებო მოქმედების 9195 ნებართვა მოიპოვა

 საქართველო, 11 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს მასშტაბით სასამართლოებმა სხვადასხვა ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაზე საგამოძიებო უწყებებს 9195 ნებართვა მისცეს.

ჯამში საქალაქო და რაიონულ სასამართლოებში 9606 შუამდგომლობა შევიდა, საიდანაც არ დაკმაყოფილდა 274 შუამდგომლობა, რვა შემთხვევაში კი მასალის განადგურება მოხდა.

ყველაზე მეტი – 5485 ნებართვა ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გასცა. შემდეგ ლიდერობენ ქალაქები: ბათუმი (567), ქუთაისი (560), რუსთავი (466) და ზუგდიდი (403).

სატელეფონო საუბრის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერაზე 2018 წლის განმავლობაში სასამართლოებს საგამოძიებო ორგანოებმა 1059 შუამდგომლობით მიმართეს.

უზენაესი სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, სასამართლომ სატელეფონო მოსმენაზე ნებართვა 1059-დან 927 შემთხვევაში გასცეს. ყველაზე მეტი შუამდგომლობა სატელეფონო საუბრის ფარულ მიყურადებაზე თბილისის (658), ქუთაისის (92) და რუსთავის (65) სასამართლოებში შევიდა.

რაც შეეხება დანაშაულის კატეგორიას, სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადება ძირითადად გამოძიებამ მოითხოვა სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რაც ქურდული სამყაროს წევრობას ან კანონიერ ქურდობას გულისხმობს. ამ მიმართულებით, გამოძიებამ სატელეფონო ფარული მოსმენის შესახებ სასამართლოსგან 184 ნებართვა მიიღო.

ლიდერობს დანაშაულის შემდეგი კატეგორიებიც – სსსკ-ის 180 მუხლი – თაღლითობა და 338-ე მუხლი – ქრთამის აღება, რომლებზე გამოძიების ფარგლებში საგამოძიებო ორგანოები სატელეფონო მიყურადების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავენ.