პუბლიკაციები
ვლადიმერ იმნაძემ გიორგი ბეჟიტაშვილი მედლით და სიგელით დააჯილდოვა

 საქართველო, 11 თებერვალი, საქინფორმი. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი, ისტორიის აკადემიური დოქტორი, პროფესორი გიორგი ბეჟიტაშვილი საქართველოს სამხედრო ისტორიის საკითხების პოპულარიზაციის და ახალგაზრდა თაობების სამხედრო-პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდის საქმეში შეტანილი წვლილისთვის ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სიგელით, მედლითა და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა.

გიორგი ბეჟიტაშვილი გახლავთ ცნობილი სამხედრო ისტორიკოსი და მეცნიერი, არის 17 წიგნის ავტორი. იგი ოც წელზე მეტია, სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებაში სამეცნიერო- პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა. მინიჭებული აქვს ნიკო ნიკოლაძის, იაკობ გოგებაშვილისა და ილია ჭავჭავაძის პრემიები.

გიორგი ბეჟიტაშვილი მონაწილეობას იღებდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საომარ მოქმედებებში აფხაზეთში. მასთან ერთად იბრძოდა მისი ძმაც, ნოდარ ბეჟიტაშვილი, რომელიც, სამწუხაროდ, 1993 წლის 2 ივლისს ლაბრასთან ბრძოლის დროს დაიღუპა.

გიორგი ბეჟიტაშვილი ორგანიზაცია " საქართველოს სამხედრო ისტორიის საზოგადოებასთან" ერთად, სადაც გახლავთ დირექტორის მოადგილე, დღესაც აქტიურად ეწევა საქართველოს სამხედრო ისტორიის პოპულარიზაციას და მომავალ თაობებში პატრიოტული სულისკვეთების გაღვივებას.

"საქართველოს სამხედრო ისტორიის საზოგადოების" თავმჯდომარემ, ისტორიის დოქტორმა, პოლკოვნიკმა მამუკა გოგიტიძემ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე "საქართველოს სამხედრო ისტორიის საზოგადოების" წევრად აირჩია და დიპლომი გადასცა.