სამართალი
გიორგი გახარია - ფარული ჩანაწერების გავრცელების შესახებ: საკმაოდ მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიხდა, თუმცა, ამას გავაგრძელებთ!

 საქართველო, 8 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ სამინისტროს ღონისძიების დასრულების შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

"მინდა გითხრათ, რომ გამოძიება გრძელდება. ეს არ არის მარტივი ტექნიკურად, ჩვენ თუ დაგვჭირდა გარკვეულ ეტაპზე, ვფიქრობთ, რომ ვთხოვოთ ჩვენს პარტნიორებს დახმარება, რადგან კიბერდანაშაული საკმაოდ რთულად გამოსაძიებელი დანაშაულია. მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს და ჩვენი მეგობარი უწყებების რესურსი, იმისთვის, რომ უპირველეს მიზანს მივაღწიოთ და გავრცელების პირველწყაროს მივაგნოთ. ამაზე ვმუშაობთ, თუმცა, ასევე მინდა გითხრათ, რომ ეს იმდენად მძიმე დანაშაულია, რომ ჩვენთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის და მთლიანად სამართალდამცავი სისტემისთვის, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და არ ექნება სხვაობას გავრცელებას, პირველწყაროს და შენახვას შორის...ამიტომ ზოგ შემთხვევაში ჩვენ გვესმის საზოგადოების კრიტიკა, რომ საკმაოდ მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწია, თუმცა, ჩვენ იძულებული ვართ, ეს გავაკეთოთ და ამას გავაგრძელებთ", - განაცხადა გახარიამ.