ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილის, ზურაბ ადეიშვილის, კონსტანტინე კუბლაშვილისა და ხათუნა კალმახელიძის ევროკავშირის ტერიტორიაზე შეშვების აკრძალვას მოითხოვს.
ევროკავშირში გასაგზავნ წერილს არასამთავრობო ორგანიზაციებიც მოაწერენ ხელს. მასში ადვოკატებისთვის პრობლემების შექმნასა და მათი უფლებების დარღვევაზეა საუბარი.
„მიუხედავად იმისა, რომ მთელი დემოკრატიული სამყარო ფოკუსირებულია ქართველ ადვოკატთა კორპუსის დასაცავად, საქართველოში ადვოკატებზე ძალადობის ფაქტები გრძელდება. აღნიშნულის დამადასტურებელი კიდევ ერთი მაგალითი 12 თებერვალს ადვოკატ ვარლამ ბალხამიშვილის ფიზიკური შეურაცხყოფაა“, – აცხადებენ ასოციაციის პრესსამსახურში.
უფრო დაწვრილებით ამ თემაზე დღეს, 2 მარტს, ზაზა ხატიაშვილი ილაპარაკებს პრესკონფერენციაზე, რომელსაც იგი ხუთ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად გამართავს.