საზოგადოება
შემოგვაქვს სისტემა, რომელიც ნებისმიერი ასაკის ადამიანს დაეხმარება სწრაფად ცვალებად სამყაროში ადაპტირებაში - პრემიერი ბახტაძე

 საქართველო, 7 თებერვალი, საქინფორმი. შემოგვაქვს სისტემა, რომელიც ნებისმიერი ასაკის ადამიანს დაეხმარება სწრაფად ცვალებად სამყაროში ადაპტირებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განათლების რეფორმის შემაჯამებელ პრეზენტაციაზე განაცხადა. მისი თქმით, ლაპარაკია ახალი პროფესიის შეძენაზე, თვითრეალიზაციასა და განვითარებაზე.

რაც შეეხება უმაღლეს განათლებას, ჩვენი მიზანია ქართული უმაღლესი სკოლების საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაცია და ამისთვის რეფორმაში გათვალისწინებულია განათლების ხარისხის ზრდა. უფრო მეტიც, მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს განვითარების სტრატეგია, რომელიც გულისხმობს, რომ საქართველო გადავაქციოთ რეგიონულ ცენტრად საერთაშორისო ბიზნესისთვის, ტურიზმისთვის, ტრანსპორტისთვის და რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანიაგანათლებისთვის. ჩვენ გვაქვს ამის ისტორიული ფესვები და უმაღლესი განათლების რეფორმის ის კომპონენტი, რომელიც იქნება წარმოდგენილი, ჩვენ დაგვეხმარება, რომ უფრო მეტი სტუდენტი მოვიზიდოთ საზღვარგარეთიდან ჩვენს უნივერსიტეტებში.

პროფესიული განათლება და უწყვეტი განათლების უზრუნველყოფა ჩვენი რეფორმის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. შემოგვაქვს სისტემა, რომელიც დაეხმარება ნებისმიერი ასაკის ადამიანს სწრაფად ცვალებად სამყაროში ადაპტირებაში, ახალი პროფესიის შეძენაში, თვითრეალიზაციასა და განვითარებაში.

ჩვენ უკვე იდენტიფიცირებული გვაქვს ის პროფესიები, რომლებშიც გვაქვს დიდი დეფიციტი და ამავე დროს, იდენტიფიცირებული გვაქვს ის პროფესიები, რომლებიც უახლოეს მომავალში დაჭირდება ჩვენს ეროვნულ ეკონომიკას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, მეცნიერებაზე ზრუნვა ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და სათანადო ადგილი ეთმობა რეფორმაში.

რეფორმა ითვალისწინებს საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციას და მეცნიერების დაფინანსების ზრდას. მნიშვნელოვნად წავახალისებთ ახალგაზრდა მეცნიერებს.

წარმოდგენილი რეფორმა ითვალისწინებს თანამედროვე ცოდნითა და უნარებით აღჭურვილი, კონკურენტუნარიანი და ამავე დროს გრძელვადიან განვითარებაზე ორიენტირებული პროფესიონალების ჩამოყალიბებას. თანამედროვე ეპოქა, ახალი ტექნოლოგიები და სწრაფად ცვალებადი სამყარო ადამიანებისგან მოითხოვს ახალ, კომპლექსურ უნარ-ჩვევებს, პრაქტიკულ აზროვნებას, ინფორმაციის გადამუშავების, აგრეთვე პრობლემებზე სწრაფი რეაგირების უნარს და ლოგიკურ აზროვნებას. სწორედ ასეთი მიდგომით არის შემუშავებული და ამ მიზნების მიღწევას ემსახურება რეფორმა, რომელსაც დღეს წარვუდგენთ საზოგადოებას. განათლების რეფორმის მეთოდოლოგიური და ახლებური მიდგომები ითვალისწინებს სისტემას, რომლის ცენტრშიც იქნება თითოეული ბავშვი, მოზარდი, ახალგაზრდა თუ მასწავლებელი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ნამდვილად არ მსურს, საქართველოში ვიხილო მხოლოდ ე.წ. ელიტური და პრესტიჟული სკოლები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განათლების რეფორმის შემაჯამებელ პრეზენტაციაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში ყველა სკოლა უნდა იყოს წარმატებული და ძალიან მაღალი ხარისხის.

პრემიერის თქმით, მთავრობის პრიორიტეტი ახალ რეფორმაში იქნება მასწავლებლის ადგილი და მისი საზოგადოებრივი სტატუსი.

ადეკვატური გახდება მასწავლებლის შრომის ანაზღაურება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეებს, ინკლუზიურობას და სასკოლო სივრცეში მათ ინტეგრაციას; უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხო, ძალადობისაგან თავისუფალი და კეთილგანწყობილი გარემო; განხორციელდება სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია. ჩვენ უკვე წელს გავზარდეთ ბიუჯეტი ორ-ნახევარჯერ ამ მიმართულებით. მე ნამდვილად არ მსურს, საქართველოში ვიხილო მხოლოდ .. ელიტური და პრესტიჟული სკოლები. საქართველოში ყველა სკოლა უნდა იყოს წარმატებული და ძალიან მაღალი ხარისხის. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რეგიონებს, სადაც მეტად იგრძნობა პრობლემები როგორც ინფრასტრუქტურის, ისე ადამიანური რესურსებისა და სხვა თვალსაზრისით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე განცხადებით, განათლება და მეცნიერება კომპლექსური სისტემაა და ბევრი ურთიერთდაკავშირებული კომპონენტისგან შედგება, რომელიც ფუნდამენტურ და მასშტაბურ მიდგომას მოითხოვს. ამიტომაც რეფორმის შემუშავების პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ ქართველი ექსპერტები, განათლების სფეროს სპეციალისტები.

ამ პროცესში ასევე ჩართული იყვნენ საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის, „იუესეიდი“, მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი, აზიის განვითარების ბანკი და თითქმის ყველა დონორი თუ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც უდიდესი შრომა გასწია და ასეთი მასშტაბური რეფორმა წარმოგვიდგინა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

განათლების სისტემაში კომპლექსური რეფორმა განხორციელდება, რომელიც ბევრ ცვლილებას გულისხმობს და როგორც სკოლამდელ, ასევე ზოგად პროფესიულ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებას მოიცავს.