სამართალი
ნათია მეზვრიშვილი: არ არის სწორი 2018 წლის სტატისტიკური მონაცემების 2017 წელთან შედარება, იმიტომ რომ 2017 წელს განსხვავებულად ხდებოდა დანაშაულის აღრიცხვა, 2018-ში განსხვავებულად ხდება

 საქართველო, 7 თებერვალი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა 2018 წლის რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკაზე ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა „პირისპირში“ ილაპარაკა. ნათია მეზვრიშვილმა სტატისტიკაში დანაშაულის აღრიცხვიანობის გაუმჯობესებაზე გაამახვილა ყურადღება.

"მოვისმინე განსხვავებული მოსაზრებები, არა მხოლოდ ოპოზიციის მხრიდან, არამედ საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდან, რომ თითქოს კრიმინალის მხრივ ქვეყანაში არის კატასტროფული მდგომარეობა. ასევე მოვისმინეთ მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოვიდა დღეს და თქვა, რომ რეალურად არაფერი ხდება, არც ერთი მიმართულებით თითქოს ჩვენ ზრდა არ გვაქვს და ყველაფერი კარგად არის. რა თქმა უნდა, ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს არ უთქვამს, მნიშვნელოვანია, ჩვენ გავაცნობიეროთ, იმისთვის, რომ განვსაზღვროთ, რეალურად საქმე რასთან გვაქვს, მნიშვნელოვანია, ყურადღება მივაქციოთ არა ცალკე აღებულ ციფრებს, არამედ დანაშაულის შინაარსს, იმიტომ რომ ციფრები ცალკე აღებული და ამაში დამეთანხმებიან მათ შორის ჩვენი ოპონენტებიც, ის ადამიანებიც, რომლებიც სტატისტიკის გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს აკრიტიკებენ, რომ ცალკე აღებული ციფრები რეალური კრიმინოგენული მდგომარეობის განმსაზღვრელი ქვეყანაში არ არის და ვერც იქნება. ეს ასეა განვითარებულ ქვეყნებშიც, ევროპის ქვეყნებშიც და ასეა საქართველოში. მნიშვნელოვანია შინაარსი", - თქვა ნათია მეზვრიშვილმა.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, კრიმინოგენული მდგომარეობის და სტატისტიკის შეფასებისას მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2018 წელს დანაშაულის აღრიცხვიანობა მკვეთრად გააუმჯობესა.

მეზვრიშვილის თქმით, ყველა ფაქტი, რომელიც ოდნავ მაინც შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რეგისტრირდება, როგორც დანაშაული.

"მაგალითად, ადამიანები როდესაც მოგვმართავენ და გვეუბნებიან, რომ მათ მობილური ტელეფონი ან რაიმე ნივთი დაკარგეს, გუშინ თუ ამაზე გამოძიება არ იწყებოდა, დღეს ამაზე გამოძიებას ვიწყებთ. ადამიანები, რომლებიც მოდიან და გვეუბნებიან, რომ დაემუქრნენ - მიუხედავად იმისა, რომ ეს შეტყობინება ცალკე აღებული დანაშაულის ნიშნების შემცველი არ არის, იურისტები კარგად გაიგებენ, ახლა მე რაზე ვსაუბრობ, გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო იწყებს.

მაგალითად, როდესაც პოლიცია მიდის შემთხვევის ადგილზე და ნახავს, რომ გარდაცვლილია ხანშიშესული ადამიანი და შემთხვევის ადგილზე აბსოლუტურად ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ დანაშაულს რეალურად ადგილი არ ჰქონია, ადამიანი რეალურად ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა, გამოძიებას ვიწყებთ და ვიწყებთ იმიტომ, რომ არ დარჩეს ერთი შემთხვევაც კი, სადაც ხვალ შეიძლება დაზარალებულს, ოჯახის ახლობელს რაიმე პრეტენზია ან ეჭვი ჰქონდეს, მაგალითად, მკვლელობასთან მიმართებით. ამიტომ, ჩვენ ვწევთ იმის რისკს, რომ ათობით, ასობით და ათასობით სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დავიწყოთ ერთი ფაქტის დაურეგისტრირებლობის რისკის ფასად. ანუ ყველა ამ შეტყობინებაზე გადაწყვეტილება მიიღება გამოძიების დაწყების სასარგებლოდ", - განმარტა შს მინისტრის მოადგილემ.

ნათია მეზვრიშვილის თქმით, რეალური მატება ძირითადად საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულზეა.

"ჩვენს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, მატების 75% მოდის იმ დანაშაულებზე, რომელთა აღრიცხვიანობა გაუმჯობესდა, ეს არის საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, რომელთა შორის წამყვანია ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, კლება გვაქვს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში. ეს არის მუქარა, იძულება, თაღლითობა, ის დანაშაულები, რომლის აღრიცხვიანობა 2018 წელს 2017 წელთან შედარებით გავაუმჯობესეთ. ანუ საუბარია სტატისტიკური ზრდის 75%-ზე, ამიტომ როდესაც ციფრებს ერთმანეთს ვადარებთ, უბრალოდ არ არის სწორი 2018 წლის სტატისტიკური მონაცემების 2017 წელთან შედარება, იმიტომ რომ 2017 წელს განსხვავებულად ხდებოდა დანაშაულის აღრიცხვა, 2018-ში განსხვავებულად ხდება. სწორი იქნება, რომ ჩვენ შევადაროთ 2019 წლის ციფრები 2018 წლის ციფრებს, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.