პოლიტიკა
მსოფლიოში თავისუფლების შესახებ 2019 წლის რეიტინგის თანახმად, რეგიონში ყველაზე კარგი მაჩვენებლები საქართველოსა და სომხეთს აქვთ (Sputnik)

 საქართველო, 6 თებერვალი, საქინფორმი. ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House-ის მსოფლიოში თავისუფლების შესახებ 2019 წლის რეიტინგში საქართველო ერთი საფეხურით ჩამოქვეითდა, თუმცა ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნის სტატუსი შეინარჩუნა.

ამჯერად საქართველომ 63 ქულა მიიღო სისტემით, რომელშიც 100 ქულა ყველაზე კარგი შედეგია.

სამი მაჩვენებლით – თავისუფლება, პოლიტიკური უფლებები და სამოქალაქო თავისუფლება საქართველომ შვიდიდან სამი ქულა მიიღო (ერთი ქულა – საუკეთესო, შვიდი ქულა – ყველაზე ცუდი შედეგია).

Freedom House-ის კვლევა 195 ქვეყანას და 14 ტერიტორიულ წარმონაქმს, მათ შორის, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონს მოიცავს.

საქართველომ რეიტინგში მეზობელ სახელმწიფოებს გაუსწრო. სომხეთი, ისევე, როგორც საქართველო, ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნად ითვლება, თუმცა მას 51 ქულა მიენიჭა. Freedom House-მა არათავისუფალ ქვეყნებად დაასახელა თურქეთი (31 ქულა), რუსეთი (20 ქულა) და აზერბაიჯანი (11 ქულა).

ყველაზე თავისუფალი ქვეყნები აღმოჩნდნენ ფინეთი, ნორვეგია და შვედეთი. მათ 100-დან 100 ქულა მიიღეს.

ყველაზე ცუდი ვითარება კი სირიაშია, რომლის თავისუფლების დონე 0 ქულით შეფასდა.

Freedom House დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომელიც დემოკრატიისა და თავისუფლების გაფართოებაზე ზრუნავს მთელ მსოფლიოში. ორგანიზაცია აანალიზებს თავისუფლების პრობლემებს, გამოდის უფრო ფართო პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების მხარდაჭერის ინიციატივებით და ხელს უწყობს დემოკრატიულ გარდაქმნებს.