პოლიტიკა
პარტია „მთლიანი საქართველო“ აქტიურდება

vaxaniaდღეს, 2 მარტს, ოპოზიციური პოლიტიკური პარტია „მთლიანი საქართველო“ კინოს სახლში საზოგადოების წარმომადგენლებს ხვდება.

„საქინფორმის“ კორესპონდენტს „მთლიანი საქართველოს“ პრესსამსახურიდან აცნობეს, რომ დღეიდან პარტია თავისი პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელობით პოლიტიკურ ასპარეზზე აქტიურ მოღვაწეობას იწყებს.

შეხვედრაზე პოლიტიკური საბჭოს წევრი ჯემალ შელია საზოგადოებას პარტიის ძირითადი მიმართულებებისა და სამოქმედო გეგმის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის, სამხედრო ექსპერტი თემურ მიქაუტაძე კი პარტიასთან შეჯერებული პოზიციის გათვალისწინებით „სახელმწიფო უსაფრთხოების კონცეფციის“ მიმართ საკუთარ ხედვასა და უსაფრთხოების კონცეპტუალური საკითხებისადმი „მთლიანი საქართველოს“ მიდგომებზე ისაუბრებს.

გარდა ამისა, პარტიის ლიდერ ვლადიმერ ვახანიას ადვოკატი ილია ლომია პატიმართან დაკავშირებული საქმის მსვლელობის დეტალებს წარმოადგენს, ვახანიაზე ზეწოლის ფაქტებსა და მის მიმართ განხორციელებულ სხვა უკანონო ქმედებებზე ისაუბრებს. ნაჩვენები იქნება ვიდეომასალაც.

დღევანდელ შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და საზოგადო მოღვაწეები დაესწრებიან.