აქტუალური
საქართველოს პარლამენტმა 2018 წელს 705 კანონი მიიღო

 საქართველო, 6 თებერვალი, საქინფორმი. კანონშემოქმედების თვალსაზრისით 2018 წელი ნაყოფიერი იყო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომელმაც ახალი რეგლამენტის თანახმად, საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე საზოგადოებას პარლამენტის 2018 წლის მუშაობის ანგარიში გააცნო.

პარლამენტის ახალი რეგლამენტის თანახმად, მე დღეს თქვენს წინაშე და საქართველოს მოსახლეობის წინაშე წარვდგები პარლამენტის 2018 წლის ანგარიშით და ვისაუბრებ 2019 წლის გეგმებზე. ამ ტრადიციით, რომელსაც ჩვენ ჩავუყარეთ საფუძველი, საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა, უკეთ გაეცნოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობას“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მან პარლამენტის კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო საქმიანობა შეაჯამა.

კობახიძის თქმით, პარლამენტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას სწორედ კანონშემოქმედება წარმოადგენს.

ამ თვალსაზრისით, 2018 წელი ნაყოფიერი გახლდათ. კერძოდ, ამ პერიოდში საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა 705 კანონი, მათ შორის 294 ინიცირებული იყო პარლამენტის შესაბამისი სუბიექტების მიერ. თუმცა, დღეს ამ დარბაზში არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, ვინ იყო ამა თუ იმ კანონპროექტის წარმდგენი. მთავარია, რომ თითოეული კანონი იქმნებოდა ქვეყანაზე, საქართველოს მოქალაქეებზე ზრუნვის, თითოეულ ოჯახში კეთილდღეობის შეტანის სულისკვეთებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს, თბილისის მერს კახ კალაძეს, მინისტრებსა და სტუმრებს სხდომაზე დასწრებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამით ძალიან კარგ და მნიშვნელოვან ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი.

მადლობას გიხდით პარლამენტში მობრძანებისთვის, დღეს თქვენი მობრძანებით თქვენ საფუძველი ჩაუყარეთ ძალიან კარგ და მნიშვნელოვან ტრადიციას, რაც დადებითად აისახება სამომავლოდ პარლამენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის პროდუქტიული თანამშრომლობის გაღრმავებაზე და განვითარებაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე ანგარიშში ასევე ყურადღებას ამახვილებს პარლამენტის ღიაობისა და ანგარიშვალდებულების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე, პარლამენტის საგარეო აქტივობებსა და პარლამენტის აპარატის საქმიანობაზე.