სამართალი
ფარული ჩანაწერების საქმეზე სასამართლო სხდომა 27 მარტს გაიმართება

 საქართველო, 4 თებერვალი, საქინფორმი. მმართველი პარტია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების საქმეზე ორ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა, ხოლო შვიდს – გირაო, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლობის პირველი არხი.

საქმეზე შემდეგი სასამართლო სხდომა 27 მარტს 11:30 საათზე გაიმართება.

აღნიშნულ საქმეზე შსს-მ სულ 17 ადამიანი დააკავა. მათგან 16 ადამიანი ინახავდა სკანდალურ ვიდეოჩანაწერს და მას მობილური აპლიკაციის მეშვეობით სოციალურ ქსელში ავრცელებდა, ერთმა პირმა კი ეს ჩანაწერები Youtube-ზე ატვირთა. თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე ცხრა მათგანის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელეს.

არსებული ინფორმაციით, ბრალდების მხარე სამი პირის მიმართ ითხოვდა პატიმრობას, თუმცა მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ პროკურორების მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მხოლოდ ორს შეუფარდა პატიმრობა. გირაოს თანხის შეტანამდე ბრალდებულები საპატიმროში დარჩებიან. მათ თანხის დაფარვა 35 დღის ვადაში მოუწევთ.

ინტიმური ხასიათის სკანდალური ვიდეო ინტერნეტში 28 იანვრიდან გავრცელდა. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს (პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ გამოყენება ან/და გავრცელება ამა თუ იმ ხერხით გავრცელებული ნაწარმოების, ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის, მასობრივი მაუწყებლობის ან სხვა საჯარო გამოსვლის მეშვეობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია).