რელიგია
ანტიოქიის პატრიარქი იოანე: ჩვენ გვჯერა ჩვენი ეკლესიის ერთიანობის!

 საქართველო, 4 თებერვალი, საქინფორმი. 2019 წლის 29 იანვარს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდეს პატრიარქ კირილთან შეხვედრის დამთავრების შემდეგ ანტიოქიისა და მთელი აღმოსავლეთის უნეტარესმა პატრიარქმა იოანე X-მ მასმედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხა.

- თქვენო უნეტარესობავ, ამბობენ, რომ პატრიარქ ბართოლომეოსს სურს, აღმოსავლეთის პაპი გახდეს, აღმოსავლეთზე გაავრცელოს თავისი გავლენა. რას ფიქრობთ ამაზე?

- მართლმადიდებელ ეკლესიაში გვჯერა ერთიანობისა, ეს ჩვენი ძირითადი პრინციპია. გვწამს ჩვენი ეკლესიის ერთიანობის. ამიტომ არ გვაღელვებს, რას ლაპარაკობენ ამა თუ იმ ადამიანზე. მართლმადიდებელი ქრისტიანობა - მართლმადიდებელი ქრისტიანობაა, ის ისეთი დარჩება, როგორიც იყო.

- სახელმწიფო დუმის დეპუტატებთან ამასწინანდელი შეხვედრისას სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა თქვა, რომ არის მცდელობები სირიასა და ლიბანში ანტიოქიის ეკლესიის გაყოფისა უკრაინის მაგალითის მიხედვით. ასეა თუ არა?

- უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ზუსტად არ ვიცით, რა თქვა პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა. სირიის არაბული რესპუბლიკის პრეზიდენტი დიდ პატივს სცემს ანტიოქიის ეკლესიას. იგივე შეიძლება ითქვას ლიბანის პრეზიდენტ მიშელ აუნეზე. მაგრამ არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ზოგიერთი გარე ძალა ცდილობს, ამა თუ იმ ხერხით დაასუსტოს ანტიოქიის ეკლესია.

ჩვენ ლიბანსა და სირიაში საერთო საქმის, ჩვენი საერთო მიზნებისა და ამოცანების მიმდევრები ვართ და ჩვენი ხალხი არ მიიღებს გაყოფას და გათიშვას. ამიტომ მართლმადიდებელი სამყარო უნდა დაირაზმოს. გაერთიანდეს ამგვარი მოვლენების მიმართ. ჩვენ მივესალმებით ჩვენი ძმების პოზიციას ლიბანსა და სირიაში და, საერთოდ, მთელ მსოფლიოში. ბეირუთის მიტროპოლიტს, ჩვენს ძვირფას ძმას და ჩვენი კრების ყველა წევრსაც ასეთი პოზიცია უკავია.