აქტუალური
რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებს 10 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს

 საქართველო, 4 თებერვალი, საქინფორმი. 31 დეკემბერს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოს დიდმა პალატამ საქართველო-რუსეთს შორის სახელმწიფოთაშორის სარჩელზე 2006 წლის დეპორტაციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. ის, რომ რუსეთის ფედერაციამ საქმე საქართველოსთან წააგო, 2014 წელს გამოცხადდა, თუმცა კიდევ ხუთი წელი დასჭირდა იმას, რომ 2006 წელს დეპორტაციისა და არაადამიანური მოპყრობის გამო დაზარალებული მოქალაქეების მიმართ ხელშესახები შედეგი დამდგარიყო.

ამ პერიოდის განმავლობაში უნაყოფო აღმოჩნდა კომუნიკაცია რუსეთთან: 2014 წელს სტრასბურგის სასამართლომ სწორედ მხარეებს დააკისრა პასუხისმგებლობა, კონკრეტული თანხის ოდენობის შესახებ შეთანხმებულიყვნენ. რუსეთთან მოლაპარაკება ვერ შედგა. ამიტომ კომპენსაციის ზუსტი ოდენობის თაობაზე კვლავ სტრასბურგმა იმსჯელა. ახლა უკვე ცნობილია, რომ რუსეთის ფედერაციამ 10 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს საქართველოს მოქალაქეებს. მას ამისთვის სამი თვის ვადა აქვს.

თავდაპირველად სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილ სარჩელში საქართველოს იურისტები 4500 დაზარალებული მოქალაქის დარღვეული უფლებების შესახებ საუბრობდნენ. კომპენსაციის სახით კი 70 მილიონი ევროს გადახდას ითხოვდნენ. მას შემდგომ, რაც ყველა მოქალაქის შესახებ ინფორმაციის მოძიება გართულდა, იუსტიციის სამინისტრომ 1795 მოქალაქის იდენტიფიცირებული სია წარადგინა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ხუთშაბათს გამართულ ბრიფინგზე აცხადებდა, რომ წინა ხელისუფლებამ 2006 წლის დეპორტირებულების საქმეზე სრულყოფილი დოკუმენტაცია არ დატოვა, რის გამოც იურისტებს სამუშაო გაურთულდათ: დაზარალებულების კონკრეტული სახელები და გვარები საქართველოს მიერ წარდგენილ სიაში არ იყო, თუ არ ჩავთვლით 118 ადამიანის ვინაობას. 2015 წელს, ისე, რომ მანამდე ეს საკითხი არ დაუყენებია, რუსეთის ფედერაციამ გამოიყენა სარჩელის ეს სისუსტე ჩვენ წინააღმდეგ. უკვე მრავალი წლის შემდეგ, მოუწოდა სტრასბურგის სასამართლოს, დაინტერესებულიყო მსხვერპლთა რეალური რაოდენობით. ჩვენ მოგვიწია 2015 წლიდან დავკავშირებოდით თითოეულ დაზარალებულს. იუსიტიციის სამინისტროში თითოეული მოქალაქის მონაცემები აღრიცხული და დაარქივებული არ დაგვხვდა. ჩვენ მაინც მოვახერხეთ, მრავალი წლის შემდგომ, 1795 მოქალაქის მონაცემი წარგვედგინა სტრასბურგის სასამართლოში და დღეს ვხედავთ, რომ 10 მილიონი ევრო უნდა ჩაურიცხოს რუსეთის ფედერაციამ ჩვენს სახელმწიფოს.“

დეპორტაციის გამო დაზარალებულები რუსეთის ფედერაციისგან მიიღებენ 2000-დან 15 ათას ევრომდე. ის, ვის მიმართაც ევროკონვენციის ერთზე მეტი მუხლის დარღვევა დადგინდა, 10 ათასიდან 15 ათას ევრომდე მიიღებს, მასობრივი დეპორტაციის თითოეული მსხვერპლი კი - 2000 ევროს. განსხვავდება დაკავების ვადები, რაც რუსეთის ფედერაციაში დეპორტაციის წინა პერიოდში თითოეული მოქალაქის შემთხვევაში დაფიქსირდა - სწორედ ამგვარი დეტალებით განისაზღვრება კომპენსაცია დაზარალებულის მიმართ.

კონკრეტული დაზარალებული ადამიანის ვინაობის დადგენის გარეშე სასამართლო ვერ იმსჯელებდა, რადგან გადაწყვეტილება თითოეული მოქალაქის მიმართ უნდა გაიწეროს. ასევე, სახელმწიფოსთვის კომპენსაციის სახით გადახდილი თანხაც ცალკეულ ადამიანს, პირადად უნდა ჩაერიცხოს და ამისთვის, ბუნებრივია, მისი ვინაობა უნდა იყოს ცნობილი.

1795 იდენტიფიცირებული დაზარალებულის სიას სტრასბურგის სასამართლომ 290 სახელი და გვარი ამოაკლო და საბოლოო გადაწყვეტილება 1505 მოქალაქის მიმართ მიიღო, ცნო რა ისინი დაზარალებულებად, ჯამში 10 მილიონი ევრო სწორედ მათზე გადანაწილდება. რაც შეეხება სიიდან ამორიცხულ 290 მოქალაქეს, მათი ამბავი "ამერიკის ხმამ" ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში გაარკვია.

ერთი და იგივე ადამიანი სიაში ხშირად მეორდებოდა, შესაბამისად, მათი ამოცხრილვა მოხდა და მხოლოდ ერთი ადამიანი დარჩა სიაში. მეორე მიზეზია ის, რომ ინდივიდუალურ საჩივრებში რამდენიმე მათგანმა კომპენსაცია უკვე მიიღო. შესაბამისად, იგივე დარღვევაზე ეს მოქალაქე ხელახლა თანხას ვერ მიიღებს. ასევე რამდენიმე მოქალაქის მიმართ, ინდივიდუალური სარჩელების ფარგლებში, სასამართლომ შეაჩერა კომპენსაციის გადაწყვეტის საკითხი იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფოთაშორის სარჩელში არ ჰქონდა ამაზე ნამსჯელი. სასამართლო მათ კომპენსაციის საკითხზე იმსჯელებს ცალკე, ინდივიდუალური საჩივრის ფარგლებში.

სტასბურგმა სარჩელიდან ადამიანების ამორიცხვის მიზეზად მიუთითა ისიც, რომ ზოგიერთი ადამიანის დეპორტაცია მოხდა 2006 წლამდე, ზოგიერთის კი 2007 წელს, შესაბამისად, ისინი არ განიხილა სარჩელის ნაწილად. საბოლოოდ, თანხა 1505 ადამიანს შორის გადანაწილდება“, - გვეუბნება საიას იურისტი ნინო ჯომარჯიძე.

2016 წელს სწორედ საიას მიერ წარდგენილი გახლდათ საქმე ძიძავა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“, რომელიც წარმატებით დასრულდა. მასში ძიძავას მეუღლის სიცოცხლის უფლების დარღვევა ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადგინა და 40 ათასი ევროს გადახდა დააკისრა რუსეთის ფედერაციას.

რუსეთის ფედერაცია ამტკიცებდა, რომ ტოგონიძე (ძიძავას მეუღლე) გარდაიცვალა მეტადონის გადაჭარბებული დოზით. ძიძავას საქმეში ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის ფედერაციის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები უგულებელყო, რუსეთის საგამოძიებო ორგანოების მიერ ნაწარმოები გამოძიება კი ეფექტიანად არ მიიჩნია. საქმის რეალური ვითარება ის გახლდათ, რომ ტოგონიძე დაკავებისას იმყოფებოდა არაადამიანურ პირობებში. შემდგომ ის გადაიყვანეს აეროპორტში. მგზავრობა დაახლოებით რვა საათის განმავლობაში გაგრძელდა, რა დროსაც, მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა, ადგილზე მას სამედიცინო დახმარება არ აღმოუჩინეს. ძიძავას მეუღლეს ჰქონდა ასთმა და ითხოვდა სუფთა ჰაერს, თუმცა ფანჯრის გამოღების უფლებაც არ მისცეს. ავტობუსიდან გადმოსვლის შემდგომ ის გარდაიცვალა.

საიაში ამბობენ, რომ კომპენსაცია დაზარალებულმა დათქმულ ვადაში მიიღო და ამგვარი პრეცედენტის საფუძველზე მიიჩნევენ, რომ რუსეთის ფედერაცია დაკისრებულ 10 მილიონ ევროს დათქმულ ვადაში, ანუ სამ თვეში გასცემს სხვა დაზარალებულების მიმართაც. ამ პროცესზე თვალყურის მიდევნება უკვე მინისტრთა კომიტეტის კომპეტენციაა.

სტასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში მეორე სახელმწიფოთაშორისი სარჩელიცაა შესული 2008 წლის ომით დაზარალებულთა სახელით, რომლის თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.