პოლიტიკა
ილია II: თქვენი შორსმჭვრეტელობით, საერთო ლოცვითა და ძალისხმევით, და უპირველეს ყოვლისა, უფლის წყალობით, ეკლესიურ კანონებზე დაყრდნობით, ჩვენ, ყველა შევძლებთ მართლმადიდებლური ერთობის შენარჩუნებას

 საქართველო, 4 თებერვალი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს უწმინდესმა და უნეტარესმა კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლს მოსკოვის საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრების მეათე წლისთავი მიულოცა. მილოცვა წაიკითხა გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ 2019 წლის 31 იანვარს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქი კირილის შეხვედრაზე საადგილმამულო მართლმადიდებელი ეკლესიების დელეგაციებთან, რომლებიც ზეიმზე ჩამოვიდნენ.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლის მილოცვა უწმინდეს პატრიარქ კირილს აღსაყდრების 10 წლისთავთან დაკავშირებით

„თქვენო უწმინდესობავ, ძვირფასო ძმაო და თანამსახურო!

უკვე ათი წელი გავიდა, რაც თქვენ, უფლის ნებით, უმაღლესი იერარქის ჯვარს ატარებთ. ამ დროისა და მთელი თქვენი ცხოვრების განმავლობაში, თქვენ უდიდესი ინტელექტუალური და სულიერი ძალისხმევა გაიღეთ იმისთვის, რომ თქვენი წვლილი შეგეტანათ არა მხოლოდ რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის გაძლიერებაში, არამედ მართლმადიდებლობის განმტკიცებაში.

გილოცავთ, ვინაიდან თქვენი ძალისხმევითა და მისიონერული შრომით მილიონობით ადამიანი განმტკიცდა თავის რწმენაში, გაიხსნა უამრავი ეკლესია და მონასტერი, გაჩნდა განათლების, კულტურისა და ქველმოქმედების ცენტრები, ღვთისმსახურებაში კი ათასობით მეუფე, მოძღვარი და მონაზონია ჩართული – და გისურვებთ თქვენ სამომავლო ნაყოფიერ მსახურებას.

ჩვენს რთულ და მოულოდნელობებით სავსე დროს, ჩვენ, ყველას ჩვენი განსაცდელები და პრობლემები გვაქვს, მაგრამ ახლა, თქვენც, ჩვენც და მთელი მართლმადიდებელი სამყარო დიდი გამოწვევის წინაშე დგას და ჩვენს ქმედებებზე ბევრია დამოკიდებული, თუ როგორ გარემოში ვიცხოვრებთ ხვალ.

დიადია ეს გამოწვევა, უზარმაზარია ჩვენი პასუხისმგებლობა უფლისა და ერთმანეთის მიმართ.

მიუხედავად განვითარებული მოვლენებისა, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ თქვენი შორსმჭვრეტელობით, საერთო ლოცვითა და ძალისხმევით, და უპირველეს ყოვლისა, უფლის წყალობით, ეკლესიურ კანონებზე დაყრდნობით, ჩვენ, ყველა შევძლებთ მართლმადიდებლური ერთობის შენარჩუნებასა და ღვთის საქმის შესრულებას.

დალოცვილ იყოს უფლის მიერ თქვენი მსახურება რუსული ეკლესიისა და მთელი სამყაროს მართლმადიდებლობის მიმართ”.