საზოგადოება
NDI: ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 29 პროცენტი „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, 12 პროცენტი - „ნაციონალურ მოძრაობას“

 საქართველო, 31 იანვარი, საქინფორმი. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევების მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს გამოკითხულთა 29 პროცენტი „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, ხოლო 12 პროცენტი „ნაციონალურ მოძრაობას“.

შეკითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს რომელ პარტიას/გაერთიანებას მისცემდით ხმას - პირველი არჩევანის შემთხვევაში პასუხები შემდეგია: ქართული ოცნება“ – 29 პროცენტი, „არ ვიცი“ – 26 პროცენტი, „უარი პასუხზე“ – 13 პროცენტი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 12 პროცენტი, „არც ერთი პარტია“ – 9 პროცენტი, „პატრიოტთა ალიანსი“ – 3 პროცენტი, „სხვა“ – 7 პროცენტი. აღნიშნული პასუხები ეკუთვნით რესპონდენტებს, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველო-მ 2018 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკური ნაწილი მედიას წარუდგინეს.

კვლევის საველე სამუშაოები 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.

კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2,1 პროცენტია.