სამართალი
NDI-ს მიერ გამოკითხულთა 85% საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს, 89% კი მთავარ პრობლემებად უმუშევრობას და სიღარიბეს მიიჩნევს

 საქართველო, 29 იანვარი, საქინფორმი. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC საქართველოს მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით გამოკითხულთა 85% მიიჩნევს, რომ მისაღებია საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი.

ამასთან, თბილისში კითხვას დადებითად უპასუხა გამოკითხულთა 89%-მა, სოფლებში 83%-მა, ეროვნულ უმცირესობათა დასახლებებში კი 58%-მა.

NDI-ს კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 51% მიიჩნევს, რომ მისთვის და მისი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხია სამუშაო ადგილები.

კითხვაზე – რომელი ეროვნული საკითხებია თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის ყველზე მნიშვნელოვანი, გთხოვთ მითხარით არაუმეტეს სამი პასუხისა, 51% პასუხობს, რომ „სამუშაო ადგილები“, 38% – „სიღარიბე“, 37% – „ფასების ზრდა/ინფლაცია“.

კვლევის თანახმად, ტოპ ექვსი ეროვნული საკითხი 2009 წლის შემდეგ არ შეცვლილა და ესენია: სამუშაო ადგილები, სიღარიბე, ფასების ზრდა/ინფლაცია, ტერიტორიული მთლიანობა – 27%, პენსიები – 25% და ხელფასები – 18%.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ მედიას 2018 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველი ნაწილი წარუდგინეს.

კვლევის საველე სამუშაოები 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.

კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2,1 პროცენტი.

კვლევის პოლიტიკური ნაწილი 30 იანვარს გამოქვეყნდება.

NDI-ს კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.