აქტუალური
2019 წელს საქართველოში უპრეცედენტოდ ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლებები ჩატარდება

 საქართველო, 29 იანვარი, საქინფორმი. ჩვენი მთავრობის ძალისხმევის დამსახურებაა ის, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სურს ნატოში ინტეგრაცია და ამაში, რა თქმა უნდა, ჩვენი უწყების მოკრძალებული წვლილიც არის, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ NDI-ს კვლევის იმ ნაწილის შედეგებზე კომენტარისას განაცხადა, რომელიც ნატოში საქართველოს ინტეგრაციის საკითხს ეხება.

გვახარებს ფაქტი, რომ ეს მზარდია. დარწმუნებული ვარ, მომავალში უფრო მზარდი იქნება. მით უფროეთნიკური უმცირესობების ფარგლებშიც. ამის საფუძველს მაძლევს ის გარემოებაც, რომ ჩვენ, მაგალითად, 2018 წელს შემოვიღეთ ახალი სისტემა, როდესაც ჩვენი თანამოძმენიაზერბაიჯანელი და სომეხი თანამოძმენი, წვევამდელების სახით საკუთარ ენაზე ეცნობიან გაზეთებს, ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რა რეფორმებს ვახორციელებთ, რა არის ჩვენი სტრატეგიული მიზნები.

ეს მცირე მაგალითიც ცხადყოფს, რომ ამ სტრატეგიული მიზნის გარშემო მოსახლეობის ინტეგრაცია, მით უფრო ეთნიკური უმცირესობების, არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და სწორედ ამ მიმართულებით, როგორც უწყების ფარგლებში, ისე, რა თქმა უნდა, სტრატეგიული კომუნიკაციის დონეზე, არის მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგმული“, – განაცხადა იზორიამ.

თავდაცვის მინისტრმა აღნიშნულ პროცესში მედიის როლზე ილაპარაკა.

ახალი უსაფრთხოების საბჭოს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება მაძლევს საფუძველს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდამჭერთა რაოდენობა მზარდი იქნება, და მათ შორის ეთნიკური უმცირესობის ფარგლებშიც.

ასე რომ, თქვენი, მედიის წვლილიც დიდია ამაში. მინდა, მადლობა გითხრათ, რადგან ეს არის საერთო ამოცანა და მისი განხორციელების ოპტიმალურ პირობებს ინფორმაციის სწორ მიწოდებაში, ანუ სტრატეგიულ კომუნიკაციაში ვხედავ. აქ თქვენ გადამწყვეტი თანამებრძოლები ხართ, ამ შემთხვევაში მთავრობისთვისაც, რომლის სტრატეგიული ამოცანა სწორედ ნატოში გაწევრიანებაა“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგებით, გამოკითხულთა 78 პროცენტისთვის მისაღებია საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, გახდეს ნატოს წევრი.

2019 წელს საქართველოში უპრეცედენტოდ ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლებები იგეგმება. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პროექტ მინისტრის პირისპირ ფარგლებში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

ლევან იზორიამ ვრცლად ილაპარაკა მარტში დაგეგმილ სწავლებაზე, რომელში მონაწილეობის მიღების სურვილი ნატოს 22-მა წევრმა და პარტნიორმა ქვეყანამ უკვე გამოთქვა.

რაც შეეხება ნატო-საქართველოს ერთობლივ სწავლებას, ის იქნება სამეთაურო-საშტაბო სწავლება. შესაბამისად, დამატებით სამხედრო ტექნიკას არ ველოდებით. ხოლო ქვეყნების მონაწილეთა რაოდენობას რაც შეეხება, უკვე 22-მა ნატოს წევრმა და პარტნიორმა ქვეყანამ გამოთქვა სურვილი, მიიღოს აღნიშნულ სწავლებაში მონაწილეობა.

ასე რომ, ეს იქნება ფართომასშტაბიანი ქვეყნების ჩართულობის რაოდენობიდან გამომდინარე, მაგრამ ხაზგასასმელი გარემოება მინდა აღვნიშნოპირველად საქართველოს ისტორიაში ეს სწავლებები ჩატარდება საქართველოს თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობით. კერძოდ, წვრთნებისა და შეფასების ნატო-საქართველოს ერთობლივი ცენტრი იქნება პასუხისმგებელი ამ სწავლების ჩატარებაზე”, – განაცხადა ლევან იზორიამ.

კიდევ ერთი ფართომასშტაბიანი სწავლება დასავლეთ საქართველოში ჩატარდება.

„2019 წელს ვგეგმავთ დასავლეთ საქართველოში რეგიონული თვალსაზრისით უპრეცედენტო სწავლებას – „მტკიცე სული“ – Agile spirit სწავლებას, სადაც გვსურს, რომ გაცილებით მეტმა ქვეყანამ მიიღოს მონაწილეობა, ვიდრე ეს შარშან იყო და ამის მზაობა უკვე ბევრმა ქვეყანამ გამოაცხადა. დასავლეთ საქართველოში ეს იქნება ისტორიაში პირველად ასეთი ფართომასშტაბიანი მრავალეროვნული სამხედრო სწავლება”, – განაცხადა იზორიამ.