პუბლიკაციები
პროვოკატორმა სააკაშვილმა იაფფასიანი სპექტაკლი მოაწყო! - საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა კომენტარი გაუკეთა სააკაშვილის ბოლო ინტერვიუს „რუსთავი 2“-თან

 საქართველო, 29 იანვარი, საქინფორმი. „გასულ კვირა დღეს სააკაშვილმა გადაწყვიტა, თავი შეეხსენებინა საქართველოსთვის, სადაც ის უკვე დიდი ხანია, მოდიდან გამოვიდა თავგამოდებულ მომხრეთა შორისაც კი. მსოფლიო პოლიტიკაში დიდი ხნის წინ ჩამოწერილი ფიგურა, რომელსაც სერიოზული მედიასაშუალებები ინტერვიუსაც კი აღარ ართმევენ, იძულებული იყო, თავისი ტელეარხის „რუსთავი 2“-ის დირექტორთან გვარამიასთან ერთად იაფფასიანი და დათაფლული სპექტაკლი დაედგა - „ინტერვიუ“, რომლის დროსაც ის მეტი დამაჯერებლობისთვის საათზე იყურებოდა, თითქოს „ფილადელფიაში მიეჩქარებოდა“!

თოქშოუს წამყვანები - ძირითადად, გვარამია, რადგან კვესიტაძეს ესოდენ გულახდილ ფარსში აქტიური მონაწილეობის ერიდებოდა, ისეთი ჟურნალისტების როლს თამაშობდნენ, რომლებიც „მოულოდნელ კრიტიკულ“ შეკითხვებს უსვამდნენ მიშას, ლაპარაკს აწყვეტინებდნენ, ვითომ პირდაპირი პასუხებისთვის თავის არიდებაში ამხელდნენ და ეკამათებოდნენ, თითქოს სიტყვაზე გამოჭერას ცდილობენო. მაგრამ მაშინვე აღიარებდნენ მის გენიალურობას, როგორც გავლენიანი და მხცოვანი პოლიტიკოსის, „ერთადერთი პრეზიდენტის, რომელმაც ქართული სახელმწიფო შექმნა“. მისი „სენსაციური პასუხებისაგან“ გამუდმებით „შოკში მყოფები“ ცდილობდნენ, ობივატელისთვის სააკაშვილის მალე დაბრუნების იმედი ჩაესახათ, ეს უკანასკნელი კი დაჰპირდა, რომ საქართველოში ჩამოსვლიდან 72 საათში ხელისუფლებას დაამხობს. ქართული მართლმსაჯულების მიერ გარკვეულ საქმეებზე მსჯავრდებული და კიდევ სხვა საქმეებში ბრალდებული, ის ტყუილად როდი უსვამდა ხაზს ხელისუფლების შეცვლის „მშვიდობიან ხერხს“, რადგან სისხლიანი გადატრიალების მოწყობის უკანასკნელი იმედი მაშინ გაუქრა, როცა უმაღლესი რადას დეპუტატის სემენჩუკის მეთაურობით თბილისში მის მიერ შემოგზავნილი ექვსი უკრაინელი ბოევიკი ქართველმა სამართალდამცველებმა დააპატიმრეს. აგრეთვე ამას მოჰყვა „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ძველი ლიდერის რურუას იდუმალი გარდაცვალება, რომელსაც საბრძოლო გამოცდილება ჰქონდა, შეეძლო, მსგავს სცენარს ჩადგომოდა სათავეში და სემენჩუკის ჯგუფს მასპინძლობდა თბილისში.

სააკაშვილის ყველა დანარჩენმა გზავნილმა აჩვენა, რომ ის საქართველოსა და უკრაინაში მის მიერ უკვე არაერთხელ აპრობირებულ, თუნდაც პრიმიტიულ პიარფორმულას მიჰყვება: რაც უფრო დიდია ტყუილი, მით უფრო იჯერებს მას პლებსი, ოღონდ ის ოდნავ უნდა გაზავდეს რეალური ფაქტებითა და პატრიოტიზმით. მხოლოდ ზოგიერთ მათგანს შეგახსენებთ:

- დაპირებით, რომ საქართველოში დაბრუნებული თან ჩამოიტანს 10 მილიარდი დოლარის უცხოურ ინვესტიციებს, ის, პრაქტიკულად, ობივატელის მოსყიდვას ცდილობდა და მიანიშნებდა, რომ ეს ორჯერ აღემატება ივანიშვილის ქონებას, რომელიც მას თქვენ არ გახარჯავთო;

- განცხადებით, რომ პუტინი ყოველდღე ახსენებს მას, ის ხაზს უსვამდა თავის მნიშვნელობას - აქაოდა, ჩემი ოპონენტი თვითონ პუტინიაო. ამავე დროს სააკაშვილი ცდილობდა, დაემალა პანიკური შიში ივანიშვილის და ქართული ციხის წინაშე, რომელიც ნამდვილად არ ასცდება;

- საქართველოს და უკრაინის ურღვევი კავშირის შესახებ განცხადებისას სააკაშვილს იმედი აქვს, რომ უკრაინაში ტიმოშენკო გაიმარჯვებს, რის შემდეგაც ის კიევში დაბრუნდება, აღიდგენს უკრაინის მოქალაქეობას, იქიდან კი თბილისამდე ორიოდე ნაბიჯია.

და, რაც მთავარია, სააკაშვილი იოტისოდენადაც არ ინანიებს ჩადენილ ყველაზე საშინელ დანაშაულებსაც კი - სასამართლო სისტემაში და ძალოვან სტრუქტურებში, რომლებიც მან დიქტატურის დამსჯელ ინსტრუმენტებად გადააქცია! გვარამიას რეპლიკაზე - თქვენ ჩვენ მიერვე შექმნილი მანკიერი სასამართლო სისტემის მსხვერპლი ხართო (რეჟიმის დროს გვარამიას საქართველოს გენპროკურორის მოადგილის თანამდებობა ეკავა), სააკაშვილმა მკვახედ უპასუხა, რომ ამაში თავი დამნაშავედ სულაც არ მიაჩნია! მაშასადამე, თუ დაბრუნებას შეძლებს, ადრინდელზე უარეს ტერორს და ანგარიშსწორებას მოაწყობს...

ასევე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სააკაშვილმა არა მხოლოდ მიანიშნა რევოლუციურ სცენარზე საქართველოში, როგორც ვენესუელაში, რომლის ოპოზიციის ლიდერებს თითქოსდა „ახლოს იცნობს“, არამედ არაკორექტული პარალელები გაავლო ცოტა ხნის წინანდელ მოვლენებთან სომხეთში, რითაც არა იმდენად ოფიციალური ერევანის, რამდენადაც საქართველოში მცხოვრები დაახლოებით ნახევარი მილიონი სომხის მიმხრობის იმედი ჰქონდა.

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო
ხიდირბეგიშვილი