საზოგადოება
ვაკის პარკში სასტუმრო აღარ აშენდება! - საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიესალმება თბილისის მერის კახი კალაძის გადაწყვეტილებას

 საქართველო, 28 იანვარი, საქინფორმი. ვაკის პარკში სასტუმრო არ აშენდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახ კალაძემ სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მფლობელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ვაკის პარკმა გაიმარჯვა. მინდა, მივულოცო თბილისს და თბილისელებს. მოვახერხეთ შეთანხმების მიღწევა ინვესტორთან, ამ კონკრეტულ ადგილზე, ვაკის პარკში არაფერი არ აშენდება. მადლობა ყველა იმ ადამიანს, აქტივისტს, ვინც პირველი დღეებიდან ჩართული იყო და იცავდა ამ კონკრეტულ მწვანე სივრცეს. მადლობა რიგით თბილისელებს, ვისაც გული შესტკიოდა ამ მწვანე სივრცეზე, გვიცხადებდა მხარდაჭერას და თანადგომას. მადლობა ინვესტორს, რომელმაც გადმოდგა შემხვედრი ნაბიჯები და მივაღწიეთ შეთანხმებას”, – განაცხადა კალაძემ.

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ინვესტორისთვის არანაირი კომპენსაციის გადახდაზე ლაპარაკი არ არის.

მისივე თქმით, ინვესტორსა და მერიას შორის შედგა შეთანხმება, რომ მოხდება ადგილმონაცვლეობა.

ნაციონალური მოძრაობისდროს, 2013 წელს ამ კონკრეტულ ადგილზე გაცემული იყო სპეციალური ნებართვა, რომელიც უვადოა. შემდეგ გაიცა მშენებლობის ნებართვა 30-მეტრიან სასტუმროზე, რომელიც დაახლოებით რვა-ცხრა სართულის სიმაღლისაა. მაშინდელი მერი სხვა გადასახედიდან იყურებოდა და ქალაქისთვის საზიანო ნებართვებს გასცემდა“, – აღნიშნა კახი კალაძემ.

მისივე თქმით, ერთიანი ძალისხმევით იმ პრობლემების მოგვარება მოხდება, რომლებიც დღეს დედაქალაქის მოსახლეობას აწუხებს.

კარგად მაქვს გააზრებული, თუ რამხელა პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული ქალაქის წინაშე. ვაკის პარკის ეს კონკრეტული საქმე მაძლევს სტიმულს, რომ ბევრი რამის გამოსწორება შეიძლება. მთავარია მონდომება, საქმისადმი სიყვარული და პრინციპულობა. ყველაზე მთავარი კი მხარდაჭერაა, რასაც ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვგრძნობთ და რისთვისაც მადლიერი ვართ. დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანი ძალისხმევით იმ პრობლემების მოგვარებას შევძლებთ, რომელიც დღეს ამ ქალაქში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს აწუხებს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიესალმება თბილისის მერის კახი კალაძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ვაკის პარკში სასტუმრო აღარ აშენდება. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

პრეზიდენტი ულოცავს თბილისელებს აღნიშნული პრობლემის მოგვარებას და მადლობას უცხადებს სამოქალაქო საზოგადოებას პრობლემის გადაწყვეტაში მონაწილეობისა და აქტიური ჩართულობისათვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.