აქტუალური
ექვსი უკრაინელი და ერთი ქართველი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

 საქართველო, 28 იანვარი, საქინფორმი. უკრაინის ექვსი და საქართველოს ერთი მოქალაქე სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის ჯგუფურად შეძენა-შენახვისთვის გასამართლებული პირები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ. არსებითი განხილვის პირველი სასამართლო სხდომა 7 თებერვლისთვის დაინიშნა.

მართალია, შიმშილობა შეწყვიტეს, მაგრამ სამარტოო საკნებში სხედან და მათი მდგომარეობა რთულია, - უთხრა რადიო თავისუფლებას დაკავებულთა ადვოკატმა გიორგი როსტომაშვილმა. თუმცა 24 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ წინასასამართლო სხდომაზე, მოსამართლემ არ გაიზიარა დაცვის მხარის შუამდგომლობა და პატიმრობაში დატოვა შვიდივე დაკავებული.

იმაზე დაყრდნობით, რომ დაკავებულები მეტწილად უცხოელები არიან და მათ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში ედებათ ბრალი, სასამართლომ საჭიროდ ჩათვალა მათი დატოვება წინასწარ პატიმრობაში“, - განაცხადა როსტომაშვილმა.

უკრაინის ექვსი და საქართველოს ერთი მოქალაქე 2 დეკემბერს, გამთენიისას დააკავეს თბილისში მდებარე ორ სასტუმროში („ალიანსი“ და „გურუ“) ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად.

შვიდივე ბრალდებულს წარდგენილი აქვს ბრალდება საქართველოს სს კოდექსის 236- მუხლის მე-3 ნაწილით და მე-6 ნაწილისქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობის შეძენა-შენახვას, ჯგუფურად და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 11 წლამდე“, - განაცხადა საქმის პროკურორმა ვასილ სამხარაძემ.

დაკავებულებს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა 4 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე შეეფარდათ. ისინი ბრალს არ აღიარებენ.

როგორც დაკავებულებმა განაცხადეს 4 დეკემბერს გამართულ სასამართლო პროცესზე, ისინი საქართველოში მშვიდობიანი, ტურისტული მიზნებითა და ახლობლების მოსანახულებლად ჩამოვიდნენ, ხოლო იარაღი მათ სპეცოპერაციის დროს სამართალდამცველებმა ჩაუდეს. ზოგიერთი დაკავებულის მტკიცებით, მათ ეს დაინახეს კიდეც.

ადვოკატ გიორგი როსტომაშვილის თქმით, საბრძოლო მასალებზე არ არის აღმოჩენილი დაკავებულთა თითის ანაბეჭდები.

დაკავებულების თქმით, მათ დნმ-ს ნიმუშები (ნერწყვის სახით) დაუკითხავად, მოტყუებით ჩამოართვეს. დეკემბერში ისინი შიშობდნენ, რომ უკანონოდ მოპოვებული დნმ-ს ნიმუშები სწორედ უკანონო მიზნებისთვის, მაგალითად, საბრძოლო იარაღზე კვალის დასატოვებლად იქნებოდა გამოყენებული.

პროცესის პოლიტიზებასა და შეგნებულ პროვოკაციაზე ლაპარაკობს სემიონ სემენჩენკო, უკრაინის რადას ოპოზიციონერი დეპუტატი, პარტია „სამოპომიჩის“ წევრი და მოხალისეთა ბატალიონ „დონბასის“ ყოფილი მეთაური. დაკავებულთა შორის არის 26 წლის ლუკა ჩხეტია, რომელიც 2010-2014 წლებში ორჯერ იმყოფებოდა ავღანეთში, საქართველოს სამშვიდობო კონტინგენტის შემადგენლობაში. ბოლოს ის იბრძოდა უკრაინაში, ლუგანსკის მხარეში, უკრაინის მოხალისეთა ბატალიონში. სემენჩენკო იმედოვნებს, რომ სიმართლე გაირკვევა და უდანაშაულო ბიჭები გათავისუფლდებიან.

მომხდარმა მეტი ხმაური გამოიწვია უკრაინაში, სადაც ადგილობრივი მედიასაშუალებები, ცალკეული ბლოგერები, ანალიტიკოსები თუ პოლიტიკური წრეები ხაზს უსვამდნენ სემიონ სემენჩენკოს მტკიცე კავშირს საქართველოს ექსპრეზიდენტთან და ოდესის ყოფილ გუბერნატორთან მიხეილ სააკაშვილთან.

უკრაინაში ლაპარაკობდნენ საერთაშორისო სკანდალის საფრთხეზე, რაც შეიძლება მოჰყოლოდა საქართველოს შიდაპოლიტიკურ ცხოვრებაში ჩარევის მცდელობას. იყო მოსაზრება იმასთან დაკავშირებითაც, რომ სემენჩენკო თავისი მებრძოლებით საქართველოში სწორედ არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიციის დასახმარებლად ჩამოვიდა. მსგავს მოსაზრებებს სემენჩენკო რუსეთის ინტერესებს უკავშირებს.

4 დეკემბრის სასამართლო პროცესზე რამდენიმე დაკავებულმა აღნიშნა, რომ სამართალდამცველებისგან მათთვის დასმული პირველი შეკითხვა არა იარაღს, არამედ იმხანად თბილისში დაგეგმილ მიტინგში მონაწილეობას უკავშირდებოდა.